LIVE

გერმანიის ეკონომიკა მე-4 კვარტალში 0.2%-ით შემცირდა

30 იან 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
გერმანიის ეკონომიკა მე-4 კვარტალში 0.2%-ით შემცირდა

გასული წლის ბოლოს გერმანიის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად - 0.2%-ით შემცირდა. შემცირების მიზეზად სამომხმარებლო ხარჯების ვარდნა დასახელდა. 

გაზრდილი ინფლაციის ფონზე მშპ-ს შემცირება მიუთითებს, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკა შესაძლოა, ნავარაუდევ რეცესიაში შევიდეს. 

ამასთან, ეკონომისტების შეფასებით, რეცესია იმაზე მსუბუქი იქნება, ვიდრე ამას ელოდნენ. 

"ზამთრის თვეები რთული აღმოჩნდა, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. გერმანიის ეკონომიკის მძიმე კრახის რისკი აღარ არსებობს, მაგრამ მცირე რეცესია ჯერ კიდევ მოსალოდნელია", - ამბობს VP Bank-ის მთავარი ეკონომისტი თომას გიტცელი. 

ეკონომისტების ვარაუდს ამყარებს ოფიციალური პროგნოზიც. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაზაფხულიდან ქვეყანაში მოსალოდნელია ვითარების გაუმჯობესება.

მიუხედავად ამისა, გერმანიის მთავრობამ გასულ კვირას 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4%-დან 0.2%-მდე შეამცირა. ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ შესაძლო რეცესია და კრიზისი, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია, კვლავ აქტუალურია. 

მე-3 კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0.5%-ით გაიზარდა.