საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა:
- მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება;
- ფისკალური დეფიციტის კლება;
- საერთაშორისო რეზერვების შევსება.
ეს თავის მხრივ, აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.
Fitch-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.
როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს:
- ეკონომიკური მმართველობის მაღალ ხარისხს;
- სტაბილურ, სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას.
სუსტ მხარეებად კვლავ რჩება საგარეო მოწყვლადობები, თუმცა, ეს რისკები წლიდან წლამდე მცირდება, რაც იყო რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა.
მნიშვნელოვანია, რომ ნარჩუნდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი, რაც მომავალშიც დაეხმარება საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.
ეს ნიშნავს, რომ მომდევნო შეფასებებზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ელის რეიტინგის გაუმჯობესებას, რითაც ქვეყანას უკვე ერთი ნაბიჯი დარჩება საინვესტიციო რეიტინგამდე.