LIVE

ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან მკვეთრად შემცირდა

28 იან 202311:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან მკვეთრად შემცირდა

რუსეთი უკრაინაში შეჭრისა და იმპორტ-ექსპორტზე საპასუხო შეზღუდვების ფონზე, ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან მკვეთრად შემცირდა. 

Eurostat-ის განახლებული მონაცემებით, რუსეთთან ვაჭრობის სტატისტიკა განსაკუთრებით შესამჩნევად ბოლო თვეებში გაუარესდა. შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის სექტემბრამდე რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 6.4%-დან 3.8%-მდე დაეცა. ამავე პერიოდში, ევროკავშირის ექსპორტი რუსეთში 2.3%-დან 1.1%-მდე შემცირდა.

ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტმა რუსეთთან პიკს 2022 წლის მარტში მიაღწია და 19.6 მილიარდი ევრო შეადგინა. შემდეგ თვეებში კლება გაგრძელდა და 2022 წლის სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი 9.7 მილიარდ ევროს შეადგენდა.

რუსეთიდან იმპორტის ნაწილში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება ქვანახშირის, ბუნებრივი აირის, ნავთობის, სასუქებისა და რკინის, ასევე ფოლადის მიმართულებით, ხოლო ნიკელის წილი ოდნავ გაიზარდა.  

კერძოდ, იმპორტში წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი ვარდნა დაფიქსირდა ნახშირზე (2021 წლის 45%-დან 2022 წლის მესამე კვარტალში 13%-მდე), ბუნებრივ აირზე (36%-დან 18%-მდე), სასუქებზე (29%-დან 17%-მდე), რკინასა და ფოლადზე (16%-დან 5%-მდე).