თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარების მიზნით, პროგრამის შექმნა დაავალა.
კალაძის განცხადებით, სხვა უბნებში უკვე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა, საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის.
„მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ინიცირება ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა, არის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა. მისი განხორციელება 2022 წლიდან მიმდინარეობს. დაწყებულია ერთი საპილოტე პროექტის განხორციელება.
ერთი პრობლემა გვაქვს. ავარიული სახლების ჩანაცვლება არ არის გათვალისწინებული ისტორიულ უბნებში. ვინაიდან ამ უბნებში განაშენიანების პარამეტრები მკაცრადაა შეზღუდული, ამ არეალებში წესიდან გამონაკლისია დადგენილი. ის მიდგომები, რაც გვაქვს სხვადასხვა უბნებში, რაიონებში, ჩვეულებრივ სივრცეებში, ისტორიულ უბნებში არ გამოიყენება.
დავდოთ კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან ბევრი წერილი შემოდის მუნიციპალიტეტში იმასთან დაკავშირებით, რომ ისტორიულ უბნებში ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ახერხებენ და მოგვმართავენ ჩვენ. ცხადია, მუნიციპალიტეტი ყველა ავარიული სახლის განახლება-რეაბილიტაციას ვერ შეძლებს, რადგან ძალიან დიდი რაოდენობაა. ამიტომ, აუცილებელია, შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ცვლილებების განხორციელება - ამ სივრცეების მოწესრიგება და რეაბილიტაცია. მესმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლები არის კერძო საკუთრება, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უძრავი ქონების კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მოწესრიგება. ამიტომ, გავალებთ, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრამა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მერიასთან თანამშრომლობით და კოორდინაციით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში 10 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის ავარიული შენობა-ნაგებობაა.