
89 წლის დოლორეს პაოლინო ცეკვავს, ხუმრობს და მერლინ მონროს მსგავსად იცვამს. ამ ყველაფერს ის TikTok-ის 2,4 მილიონი გამომწერისთვის აკეთებს.
პირადად მას ერთადერთი, ფიქსირებული ტელეფონი აქვს. მას არც ვიდეოს ჩაწერა და არც TikTok-ზე რაიმეს გამოქვეყნება შეუძლია. ამ საქმეს დოლორესის 20 წლის შვილიშვილი, ჯულიან ჯაკობო უძღვება. ბებიის ვიდეოების სცენარებს სწორედ ის წერს და შემდეგ 30-წამიან ვიდეოებად აქცევს.
"ყველაფერს ის აკეთებს", - ამბობს პაოლინო, რომელიც სამხრეთ ფილადელფიაში ცხოვრობს. მას პოპულარობა სამი წლის უკან შვილიშვილის ჩაწერილმა ვიდეომ მოუტანა, სადაც ის ჰელოუინის წვეულებაზე ცივ ჩაის სვამდა. სოციალური ქსელის გამომწერებისთვის ცეკვა პაოლინოს ახალგაზრდობას და იმ დღეებს ახსენებს, როცა ის კლუბში ცეკვავდა.
შვილიშვილები, რომლებმაც ბებია-ბაბუები შემთხვევით TikTok-ზე ვარსკვლავებად აქციეს, დაუგეგმავად ახალ საქმიანობას ეწევიან. მათ უფროს ნათესავებს პოპულარობა მოუტანეს, თვითონ კი კულისებში შრომობენ, დებენ გარიგებებს რეკლამის განმთავსებლებთან, ეხმაურებიან გულშემატკივრების კომენტარებს და ცდილობენ მოხუცებს უახლესი TikTok ცეკვები შეასწავლონ.
ჯაკობო, რომელიც ბებიასთან ახლოს ცხოვრობს, ვიდეოების გადაღებას კოლეჯში სწავლას და სტაჟირებას უთავსებს. მისი თქმით, ერთი TikTok-ის გადაღებას შეიძლება ორი საათი დასჭირდეს. "მას ტექსტი ავიწყდება", - ამბობს ჯაკობო ბებიაზე.
TikTok-ს პაოლინოს ცხოვრება სრულად არ შეუცვლია. ის კვლავ ყიდის Avon-ის პროდუქტებს, მაგრამ სოციალური ქსელის მეშვეობით მიღებული დამატებითი შემოსავალი მისთვის სასიამოვნოა. ის ამბობს, რომ ამ თანხას ხუთი შვილიშვილის გასახარებლად იყენებს.
TikTok-ის კიდევ ერთ ვარსკვლავს, 92 წლის ლილიან დრონიაკს, თვითმფრინავების ქარხნის ყოფილ თანამშრომელს, ასევე შვილიშვილი, 25 წლის კევინი ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ის ბებიისგან შორს ცხოვრობს. კევინმა ბებიას iPhone უყიდა და ვიდეოების გადაღება ასწავლა. ღრუბლოვან პლატფორმაზე ავტომატურად ატვირთულ ვიდეო ფაილებს შვილიშვილი ამონტაჟებს და სოციალურ ქსელში დებს.
კევინი ბებიასთან რეკლამების გადასაღებად თვეში ერთხელ მიფრინავს. კომპანიები რეკლამაში დაახლოებით ხუთნიშნა თანხას იხდიან. ამ ფულით ბებია ტანსაცმელს ყიდულობს და ურიგებს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ის დაჰყავთ.
სარეკლამო შეკვეთების გარდა, ლილიანი თავად წყვეტს რისი გადაღება სურს. ის ხან ცეკვავს, ხან გამომწერებს ესაუბრება. ბოლო ვიდეოში მან დაასახელა ახალი წლის მიზნები, რომელთა შორისაა „სიცოცხლე“.
მისი თქმით, TikTok ეხმარება, რომ თავი რეალიზებულად იგრძნოს და თან ამით შვილიშვილთან კავშირს ინარჩუნებს. მისი თქმით, ვიდეოებს იქამდე გადაიღებს, სანამ შეძლებს.
მარკეტინგის სპეციალისტების თქმით, TikTok-ზე ხანდაზმული ადამიანების გამოჩენა ყურადღებას იქცევს, რადგან ქსელში ძირითადად ახალგაზრდები არიან.
”ადამიანები ჩერდებიან, როდესაც ბებიას და ბაბუას ხედავენ”, - ამბობს ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტო Obviously-ის დამფუძნებელი მეი კარვოვსკი.