LIVE

მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა ვერ შეასრულა

20 იან 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა ვერ შეასრულა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმაში კვლავ ჩამორჩენაა, მთავრობამ 2022 წლის პრივატიზაციის გეგმა ვერ შეასრულა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შარშან სულ 273.8 მლნ ლარის ღირებულების ქონება გაიყიდა. მთავრობის გეგმით კი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარი უნდა შესულიყო.

სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმის შესრულება კი კიდევ უფრო დაბალი იქნება, რადგან ჯამურად გაყიდული ქონებიდან გარდა ცენტრალური ბიუჯეტისა, თანხების ნაწილი ასევე რჩება თვითმმართველობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შესრულების წლიურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად გაყიდულ 10 ობიექტს, მათ შორისაა წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რომელიც 40 მლნ ლარად გაიყიდა. ამ ჩამონათვალშია 16 მლნ ლარად გაყიდული ე.წ მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა, რომელიც რუსეთის მოქალაქის კუთვნილ კომპანიაზე გასხვისდა და ე.წ რიყის დოქებიც, რომელიც მეშვიდე მცდელობაზე 10 მლნ ლარად ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა.

ჩამონათვალში მოხვდა წყალტუბოში გაყიდული ორი სანატორიუმიც. კერძოდ, „სანატორიუმი“ მედეა 5.8 მლნ ლარად გაიყიდა, ხოლო სანატორიუმი „თბილისი“ 3.1 მლნ ლარად გასხვისდა.

ამასთან, შარშან მთავრობამ მხოლოდ სამი სახელმწიფო საწარმო გაყიდა. კომპანიების პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 241 ათასი ლარი შეადგინა.

გაყიდულ სახელმწიფო კომპანიებს შორისაა შპს "ბისტროს" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25%-იანი წილი და შპს "უნიონის" პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 20%-იანი წილი. სიმბოლურ 1 ლარად გასხვისდა შპს „წყალთა სახეობის ცენტრი ტონუსის“ 100%-იანი წილი.

ჯამურად კი შარშან წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიზნით სულ 2 688  ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

ცნობისთვის, მთავრობამ პრივატიზაციის გეგმა ვერც 2021 წელს შეასრულა, დაგეგმილი 350 მლნ ლარის ნაცვლად, სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ცენტრალურ ბიუჯეტში 305 მლნ ლარი შევიდა. მიმდინარე წელს კი მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 200 მლნ ლარის მობილიზებას ელის.