LIVE

ესპანეთის მთავრობა დიდ ოთხეულში შრომითი უფლებების დარღვევას იძიებს

17 იან 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 503
ესპანეთის მთავრობა დიდ ოთხეულში შრომითი უფლებების დარღვევას იძიებს

მადრიდში დიდი ოთხეულად წოდებულ ოთხივე უმსხვილეს აუდიტორულ ფირმას მოულოდნელი ინსპექცია ეწვია იმის გასარკვევად, ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები და მართლა უწევთ თუ არა მათ დღეში მინიმუმ 12 საათი მუშაობა. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ესპანეთის შრომის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, იოლანდა დიაზმა განაცხადა, რომ  PwC-ის, KPMG-ის, EY-სა და Deloitte-ს მადრიდის ოფისებში შრომის ინსპექტორები ნოემბერში შევიდნენ, რაც თანამშრომელთა შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გამოძიების ნაწილია. ინსპექცია მიზნად ისახავდა დაედგინა იღებენ თუ არა თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.

„ვიძიებთ ზეგანაკვეთური სამუშაოს გადაჭარბებით და ბოროტად გამოყენებას და მანდატი ცხადია...ვერც ერთი მსხვილი კომპანია, განურჩევლად იმისა, რამდენად მსხვილია, ვერ დადგება კანონზე მაღლა,“ - განაცხადა მინისტრმა, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრია და შრომითი პირობების მონიტორინგი 2019 წლიდან პრიორიტეტად დაასახელა. სწორედ ამ პერიოდში მიიღეს ახალი კანონი ესპანეთში, რომელიც კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვას, ანუ ე.წ. ტაბელის წარმოებას ავალდებულებს. მხოლოდ შარშან შრომის ინსპექციამ 11,000-ზე მეტი შრომითი დარღვევა გამოავლინა 113,000 დასაქმებულთან მიმართებაში და ჯამში 14 მილიონი ევროს ჯარიმა გამოწერა.

EY-მა, KPMG-მ and Deloitte-მა Financial Times-ს კომენტარზე უარი განუცხადეს, ხოლო PwC-მ კომენტართან დაკავშირებულ მოთხოვნას საერთოდ არ უპასუხა.

დიდი ოთხეულის წევრი ოთხივე გლობალური კომპანიის ოფისი მადრიდის ბიზნეს ცენტრში მდებარე ცათამბჯენებშია განთავსებული და ისინი ესპანეთში ჯამურად 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. ოთხივე კომპანიის ჯამური წლიური შემოსავალი ესპანურ ბაზარზე 700 მილიონ ევროს აჭარბებს.