LIVE

ზეგანაკვეთური ანაზღაურების დაწესება შეიძლება ბიზნესისთვის დამანგრეველი იყოს - ბურჯანაძე

17 იან 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
ზეგანაკვეთური ანაზღაურების დაწესება შეიძლება ბიზნესისთვის დამანგრეველი იყოს - ბურჯანაძე

სასტუმროებისა და რესტორნებისთვის თანამშრომლების ზეგანაკვეთური ანაზღაურების დაწესება სექტორს დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებს, ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვალდებულების ამოქმედებამ შესაძლოა, ზოგ ბიზნესს დამანგრეველი შედეგი მოუტანოს. 

„გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის მარტივი არ არის. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ ბიზნესი სიტუაციას უნდა მოერგოს. შეიძლება გარკვეული ნაწილისთვის ეს დამანგრეველიც კი აღმოჩნდეს იქიდან გამომდინარე, რომ დიდი რესტორნებისა თუ ქსელური სასტუმროებისთვის, რომლებსაც მუშახელი რეალურად აკლიათ, დამატებითი თანამშრომლის აყვანა რთული იქნება, რადგან ქვეყანაში კადრების დეფიციტია. ასევე სირთულეებთან იქნება დაკავშირებული დამატებითი ფინანსების გამოყოფა.

საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად ექნება ეს გავლენა ეკონომიკას და ამა თუ იმ სფეროში რამდენად გაიზრდება ფასები. ამ გამოწვევას არა მარტო სფერო, არამედ ეკონომიკაც რთულად შეხვდება იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესის მხრიდან ხელფასის ზრდა იქნება თუ დამატებითი ხარჯების გაწევა, საბოლოოდ, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებზე აისახება“, - აცხადებს „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი განახლდა. მასში აღარ მოხვდა ისეთი დარგები, როგორიცაა: მშენებლობა, ვაჭრობა, ტექსტილის, ტყავის და ფეხსაცმლის წარმოება, ასევე სასტუმროები და რესტორნები. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული სამუშაოს ასრულებს, კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება თანამშრომელს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება გადაუხადოს.

განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც შრომის პროცესი ითვალისწინებს დღეში 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს - კვირაში 48 საათს. აღსანიშნავია, რომ სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების პერიოდი.