LIVE

ბიზნეს ლიდერები და ეკონომისტები რეცესიას ელიან - დავოსში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

17 იან 202312:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
ბიზნეს ლიდერები და ეკონომისტები რეცესიას ელიან - დავოსში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს ლიდერები და ეკონომისტები წელს გლობალურ რეცესიას ელიან.

გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში PricewaterhouseCoopers-ის მიერ გამოკითხული 4410 ბიზნეს ლიდერიდან 73%-მა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, გლობალური ზრდის შემცირება იწინასწარმეტყველა. 

ეს მაჩვენებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ 10-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩატარებულ გამოკითხვებს შორის, ყველაზე უარესია. ხუთიდან ორი კომპანია ასევე შიშობდა, რომ მათმა კომპანიამ შესაძლოა, 10 წელიც ვერ იფუნქციონიროს.  

ფორუმის მიერ გამოქვეყნებული მთავარი ეკონომისტების კიდევ ერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა ორი მესამედი 2023 წელს გლობალურ რეცესიას ელოდება და ფონზე ბიზნეს კომპანიები ხარჯებს ამცირებენ. 18% კი მიიჩნევს, რომ ასეთი ვარდნა "უკიდურესად მოსალოდნელია".

მიუხედავად იმისა, რომ უახლესმა მონაცემებმა რეცესიის თავიდან აცილების იმედი გააჩინა, გასულ წელს გლობალურად გაზრდილმა ინფლაციამ და ცენტრალური ბანკების მიერ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ბევრი ეკონომიკა შეაფერხა. 

ეს იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მიმდინარე ფორუმზე, სადაც ამ კვირაში 2700-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი, ბანკირი და ეკონომისტი 2020 წლის იანვრის შემდეგ, პირველად შეიკრიბება. 

ეკონომიკურ ფორუმს ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ირაკლი ღარიბაშვილიც. დელეგაციასთან ერთად, ის შვეიცარიაში გუშინ გაემგზავრა. დაგეგმილია პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.