LIVE

არეულობის გამო, ბრაზილიის სასამართლომ გუბერნატორი გადააყენა

09 იან 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
არეულობის გამო, ბრაზილიის სასამართლომ გუბერნატორი გადააყენა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ბრაზილიის ფედერალური ოლქის გუბერნატორი 90 დღით თანამდებობიდან გადააყენა. ამის მიზეზი ყოფილი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერის სამთავრობო შენობებში შეჭრით გამოწვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებია. 

მემარცხენე პრეზიდენტმა ლულამ, რომელმაც თანამდებობა 1 იანვარს დაიკავა, თქვა, რომ ადგილობრივმა მილიტარიზებულმა პოლიციამ, რომელიც გუბერნატორს, ბოლსონარუს ყოფილ მოკავშირეს, იბანეის როჩას ექვემდებარება, მომიტინგეების შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე დე მორეესმა ასევე მიმართა სოციალური მედიის პლატფორმებს: Facebook-ს, Twitter-სა და TikTok-ს, რომ დაბლოკონ გადატრიალების პროპაგანდა.

ბრაზილიის ხელისუფლებამ, გასული დაახლოებით 50 წლის განმავლობაში, ქვეყნის ინსტიტუტებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის გამოძიება უკვე დაიწყო. პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ პირობა დადო, რომ აჯანყების პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

გუშინ ყოფილი პრეზიდენტის ათი ათასობით მხარდამჭერი უზენაეს სასამართლოში, ეროვნული კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა. მათ 2022 წლის ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და არჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას დასამხობად სამხედრო ჩარევა მოითხოვეს. 

მათ ჩაამსხვრიეს ფანჯრები, წააქციეს ავეჯი, გაანადგურეს ხელოვნების ნიმუშები და მოიპარა ქვეყნის 1988 წლის კონსტიტუცია. 

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და შენობები რამდენიმე საათში დაატოვებინა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ბოლსონარუს 400-მდე მომხრე.