LIVE

TBC Capital: 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.5%-მდე შენელდება, ინფლაცია - 4%-მდე

23 დეკ 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
TBC Capital: 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.5%-მდე შენელდება, ინფლაცია - 4%-მდე

„თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.5%-მდე შენელდება.

ანალიტიკური ორგანიზაციის განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვის თანახმად, ეს პროგნოზი ეყრდნობა გათვლებს, რომ მომავალ წელს მიგრანტების 30% საქართველოს დატოვებს, თუმცა პარალელურად, ე.წ. ტრადიციული ტურიზმი მეტად აღდგება.

ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, უკრაინაში ომის გარეშე წელს საქართველოს ეკონომიკა ნაცვლად ამჟამად არსებული პროგნოზის, 9.8%-ისა, 8.3%-ით გაიზრდებოდა.

„2022 წლამდე საქართველოს ეკონომიკური პარტნიორების აქტივობა მნიშვნელოვნად განაპირობებდა საქართველოს ეკონომიკის ზრდას, 2022 წელს ეს კავშირი დიდწილად მიგრაციის ეფექტმა შეცვალა. რუსეთის უკრაინაში შეჭრა რომ არ მომხდარიყო, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა არსებულთან შედარებით მცირედით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იქნებოდა. ამას, დიდწილად ტრადიციული ტურიზმის მეტი აღდგენა განაპირობებდა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უფრო ზომიერია. ასევე, მნიშვნელოვანი იქნებოდა განსხვავება ევრო-დოლარის კურსის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების, საკრედიტო აქტივობისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

„თიბისი კაპიტალი“ ელის, რომ 2023 წელს მიგრანტებიდან მიღებული შემოსავლები 1.114 მლრდ დოლარიდან 817 მლნ დოლარამდე შემცირდება. შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მიგრაციის წვლილი 35%-დან 25%-მდე შემცირდება. თუმცა ე.წ. ტრადიციული ტურიზმის აღდგენის ტემპის დაჩქარების გამო, მომავალ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის დონეს 30%-ით გადააჭარბებს.

რაც შეეხება ინფლაციას, ანალიტიკურ ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ინფლაცია 4%-მდე შემცირდება, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით, 2023 წელს ლარი დოლართან მიმართებაში 2.80 ლარის ფარგლებში იქნება, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.11 ლარის ფარგლებში.