
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) განცხადებით, კომპანია Amazon-ი შესაძლოა პასუხისმგებელი გახდეს „ყალბი“ Louboutin-ის წითელძირიანი ფეხსაცმლის რეკლამისთვის, რაც პოტენციურად არღვევს დიზაინერ კრისტიან ლუბუტენის ევროკავშირის სავაჭრო ნიშანს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი წითელძირიანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, Amazon-ზე რეკლამირებულია მესამე მხარის მოვაჭრეების მიერ თავად Louboutin-ის თანხმობის გარეშე.
როგორც Louboutin ამბობს, გაყიდვის მოდელი იყო "საზოგადოების შეცდომაში შეყვანა". ბრალდებას უკვე გამოეხმაურა Amazon-ი და აღნიშნა, რომ საკითხს შეისწავლის.
Amazon-სა და ფეხსაცმლის მწარმოებელ Louboutin-ს შორის, რომლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორც წესი, მინიმუმ 600 ფუნტად იყიდება, დიდი ხანია დავა მიმდინარეობს. აქამდე, Louboutin-მა 2019 წელს ბელგიისა და ლუქსემბურგის სასამართლოებში კომპანიის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. როგორც ირკვევა, Amazon-ი რეგულარულად აჩვენებდა რეკლამებს წითელძირიანი ფეხსაცმლის შესახებ Louboutin-ის თანხმობის გარეშე. Louboutin ამტკიცებს, რომ კომპანიამ უკანონოდ გამოიყენა სასაქონლო ნიშნით წითელი ძირი "იდენტური პროდუქტებისთვის". დღეს კი უკვე მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განცხადებით, Amazon-ი პოტენციურად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პასუხისმგებელი ინტელექტუალური საკუთრების სავარაუდო დარღვევაზე.
იმ შემთხვევაში თუ ბრალდება დამტკიცდება, Amazon-ი იძულებული გახდება შეცვალოს თავისი მოდელი და შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა საკუთარი და მესამე მხარის შეთავაზებების შერევით.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფინანსურ კომპენსაციაზე საუბარი არ არის და Louboutin-ს მთავარი მოთხოვნა შესაძლო დარღვევის შეწყვეტაა.