ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეზღუდვა 15 თებერვლიდან ამოქმედდება.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაზის ფასის ჭერი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ევროპული გაზის ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სამი დღის განმავლობაში LNG-ის ტარიფი საორიენტაციო ფასზე 35 ევროთი მეტი იქნება.
შეთანხმებული ზღვარი დაბალია ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ 275 ევრო/მგვტ/სთ ლიმიტზე. ლიმიტის დაწევა დაახლოებით 15-მა ქვეყანამ, მათ შორის, ბელგიამ, საბერძნეთმა და პოლონეთმა მოითხოვეს. გაზის ფასზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდა.
სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, შეთანხმებას მხარი დაუჭირა გერმანიამაც. Reuters-ის ინფორმაციით, გაზის ფასის ლიმიტს ის მას შემდეგ დათანხმდა, რაც ქვეყნები განახლებადი ენერგიის ნებართვების დაჩქარების შესახებ სხვა რეგულაციაში ცვლილებებზე შეთანხმდნენ და გაზის ფასის ლიმიტს დაემატა უფრო ძლიერი გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ ლიმიტი შეჩერდება, თუ ევროკავშირი გაზის მიწოდების დეფიციტს განიცდის, ან თუ ზღვარი იწვევს TTF ვაჭრობის შემცირებას.
გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებას მხარი მხოლოდ უნგრეთმა არ დაუჭირა.
„მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შეთანხმების პოვნა, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ენერგორესურსების მზარდი ფასებისგან“, - თქვა ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა, ჯოზეფ სიკელამ.
გაზის ფასზე ლიმიტის დაწესება არის ბლოკის უახლესი პასუხი ენერგეტიკულ კრიზისზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების შემცირებით. ევროკავშირის ქვეყნებს სურთ, რომ შეამცირონ ენერგიის გადასახადები, რაც თავის მხრივ, რეკორდულად ზრდის ინფლაციას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ფასზე ლიმიტის დაწესების შემდეგ, რუსეთი და მისი სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" ბაზრის "გაფუჭებას" ვეღარ შეძლებს.
გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებას კრემლში საბაზრო ფასებზე თავდასხმა უწოდეს. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.