Binance-ის დამფუძნებელმა ჩანგპენგ ჟაომ, იგივე CZ-მა თანამშრომლებს წერილი მისწერა, სადაც ცდილობს გაანეიტრალოს მათი შიშები კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესთან დაკავშირებით.
Bloomberg იუწყება, რომ ჟაომ წერილით თანამშრომლები გააფრთხილა, ელოდონ რთულ თვეებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კომპანია შეძლებს გამოწვევების გადალახვას.
მისი თქმით, ციფრული აქტივების ინდუსტრია ახლა "ისტორიულ მომენტშია" და მის კომპანიას ძლიერი ფინანსური პოზიციები აქვს იმისთვის, რომ "კრიპტო ზამთარი გადაიტანოს".
"მართალია ველით, რომ შემდეგი რამდენიმე თვე ადვილი არ იქნება, თუმცა ჩვენ ამ პერიოდს გავივლით და ამის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით," მისწერა ჟაომ Binance-ის თანამშრომლებს, წერილში, რომელიც Bloomberg-ის ხელთ აღმოჩნდა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში Binance-დან კრიპტოვალუტის გადინებასთან დაკავშირებული ცნობების პასუხად, ჟაომ წერილში ისიც დასძინა, რომ FTX-ის ბოლოდროინდელმა კოლაფსმა "ბევრი დამატებითი კონტროლი და რთული კითხვები" გამოიწვია მის კომპანიასთან მიმართებაში.
FTX-ის მოულოდნელმა კოლაფსმა ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედა და ზოგიერთ ტრეიდერს საკუთარ აქტივებზე კონტროლის გამკაცრებისკენ უბიძგა, რამაც შედეგად თანხების გადინება გამოიწვია სხვა ბირჟებიდანაც. მათ შორის არის Binance-ც, სადაც სამშაბათს თანხების მოცულობითი გატანა დაფიქსირდა, თუმცა შემდგომ პროცესი შენელდა.
CZ-ის მიმართვა თანამშრომლების მისამართით კი დროში ემთხვევა ბიტკოინის და ეთერიუმის დღიურ ჭრილში რეკორდულ გადინებას მისი ბირჟიდან. CryptoQuant-ის თანახმად, ერთ დღეში ტრეიდერებმა ჯამურად ბიტკოინის 40 353 და ეთერიუმის 278 017 ტოკენი გაიტანეს.