LIVE

Tesla მზადაა, საქართველოში ინვესტიციები ჩადოს - Tesla-ს კონსულტანტი

09 დეკ 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
Tesla მზადაა, საქართველოში ინვესტიციები ჩადოს - Tesla-ს კონსულტანტი

Tesla-ს უფროსი კონსულტანტის, რიმა დიაბის განცხადებით, ამერიკული ავტომწარმოებელი მზადაა, საქართველოში ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მიმართულებით ინვესტიციები ჩადოს, თუმცა ამისთვის, ქართული ტექნოლოგიური ბაზარი უნდა განვითარდეს. 

როგორც თბილისში Touch22-ის კონფერენციაზე ჩამოსულმა რიმა დიაბიმ "ბიზნეს ფორმულასთან" განაცხადა, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ქართველ სტარტაპებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. 

"თქვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ ბაზარს დიდად არ ვიცნობ, თუმცა ვფიქრობ, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ბიზნესში და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგია უზარმაზარი ბაზარია, ამიტომ სტარტაპებს აქვთ საშუალება, ინვესტიციები მოიზიდონ არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის, არამედ კიბერუსაფრთხოხებისა და ნივთების ინტელექტის მიმართულებით. პირადად ჩვენ შეგვიძლია ინვესტიცია ჩავდოთ ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მხრივ და ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა არსებობს. მთავარია ქართული ტექნოლოგიური ბაზარი კიდევ უფრო განვითარდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია მთავრობასა და ბიზნესებს შორის ურთიერთობა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა შექმნას გარემო, რომელიც დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, ფინანსები მოიძიონ და სტარტაპი განავითარონ", - განაცხადა Tesla-ს უფროსმა კონსულტანტმა. 

ცნობისთვის, 7-8 დეკემბერს თბილისში, კავკასიის რეგიონში მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Touch22 გაიმართა. სხვადასხვა ინდუსტრიისა და კომპანიის მენეჯერებს, მარკეტერებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, დიზაინერებს, ინოვატორებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, როგორებიცაა Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ა.შ.