LIVE

„ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და „გალტ & თაგარტის“ დახმარებით, ₾35 მილიონის ობლიგაციები განათავსა

05 დეკ 202217:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 125
„ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და „გალტ & თაგარტის“ დახმარებით, ₾35 მილიონის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და „გალტ & თაგარტის“ დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.

ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა.

კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB- დონით განისაზღვრა.

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ რიგით მე-6 წარმატებული განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.

ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის  მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.

ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

„წლებია, „ნიკორა“ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ფინანსური რესურსების მოზიდვის დივერსიფიცირებული წყაროების განვითარებაზე და წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ყოველ ჯერზე, დაინტერესება ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოში, საპენსიო სააგენტომ, სწორედ „ნიკორას“ ობლიგაციებში განახორციელა ინვესტიცია, რაც ჩვენი კომპანიისადმი დიდი ნდობის დასტურია. „ნიკორა“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მფლობელია (BB- სტაბილური პერსპექტივით), რაც კომპანიის საუკეთესო შეფასებაა, როგორც სანდოობის, ასევე ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით. ფასიანი ქაღალდების გამოშვება საშუალებას გვაძლევს მოზიდული რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და წარმატებული საქმიანობისთვის“, - აცხადებს ირაკლი ბოქოლიშვილი, სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი.

„ნიკორა ჯგუფთან“ 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ. თიბისი კაპიტალის ჩართულობით განთავსებული რიგით მე-5 ემისია, ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ საერთო 5 ემისიიდან, 2 - სს„ნიკორა ტრეიდის“, 3 კი სს „ნიკორას“ განთავსებაა. ასევე, მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოს, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყვეთ ხელი. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითაც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - აღნიშნა მერი ჩაჩანიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი „ნიკორა ჯგუფის“ ობლიგაციების განთავსებაში და მივულოცო კომპანიას მორიგი წარმატებული განთავსება, რაც „ნიკორა ჯგუფის“  მიმართ, ინვესტორების მხრიდან მაღალ სანდოობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ გარიგებაში მონაწილეობით, საპენსიო სააგენტომ პირველად განახორციელა ინვესტირება საქართველოს ბაზარზე გამოშვებულ კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებში. მათი სახით, კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ინვესტორი დაემატა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს. ვიმედოვნებთ, რომ  მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა.

„პირველ რიგში, მინდა კომპანია „ნიკორას“ მივულოცო მორიგი წარმატებული ემისია, რაც მეტყველებს კომპანიის მდგრად განვითარებაზე და ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობაზე. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო „გალტ & თაგარტის“ და „თიბისი კაპიტალის“ გუნდებს ასეთი ეფექტური მუშაობისთვის და აღნიშნული განთავსების წარმატებულად დასრულებისთვის. მოხარული ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსებაში, რაც უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს. ეს არის ჩვენი პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე, რომელსაც ჩვენ მუდამ ვაკვირდებით და როგორც მოსალოდნელი იყო, ვხედავთ მის გააქტიურებას, განსაკუთრებით ახალი ემისიების ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გარკვეული სტიმული იქნება ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით დავაბანდოთ საპენსიო დანაზოგები ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, - აღნიშნა გოგა მელიქიძემ, საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა.

(R)