LIVE

კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განხორციელებადია - დეტალები

30 ნოე 202213:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განხორციელებადია - დეტალები

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა და შესაბამის დეკლარაციას დღეს, სეულში მოეწერა ხელი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების თანახმად, კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განხორციელებადი და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც საქართველოსთვის, ასევე კორეისთვის.

"შეთანხმება, დღეისათვის ძალაში მყოფი შეთანხმებებით დაფარულ 2.3 მილიარდიან ბაზარზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას წვდომას გაუხსნის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გაიტანონ 50 მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთან, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება კატალიზატორი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად",- აცხადებენ სამინისტროში.

რეკომენდაციების თანახმად, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უნდა გაიმართოს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ასევე ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომების ფართო სპექტრზე, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო სფერო, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, არასატარიფო ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და სხვ.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განახორციელებენ შესაბამის შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რაზეც პირველი რაუნდის გამართვა მომდევნო წელს იგეგმება.