თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდი გახდება. მისი ინფორმაციით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ.
„ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი უცვლელი დარჩება. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება, როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, - განაცხადა თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპების პრეზენტაციაზე.
შეგახსენებთ, დედაქალაქში ტაქსების რეფორმა 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აკრძალულია. 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.