
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტები გამოვლინდა.
კერძოდ, უწყების თანამშრომლებმა, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 9 პირი მისცეს, მათგან 2 ყოფილი, ერთი კი მოქმედი საჯარო მოხელე იყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი.
ასევე დადგენილ იქნა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყებაში განმარტავენ, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.