LIVE

დავითაშვილი: საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად გარდავქმნით

24 ნოე 202214:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 325
დავითაშვილი: საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად გარდავქმნით

ჩვენ გარდავქმნით საქართველოს სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მინისტერიალზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.

„საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის. მოხარული ვარ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში (2022 - 2027 წწ.) რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის, 5,6%-ის ოდენობით ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებითა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC-ის პოსტ-პანდემიის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკის „მწვანე“, მდგრად და ინკლუზიურ აღდგენას ითვალისწინებს. 

"სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ ჰაბად - რეგიონულ ცენტრად, რომელიც სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ხელმისაწვდომს გახდის ბიზნესისთვის ორ კონტინენტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030 ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.