LIVE

მსოფლიოს წამყვანი ონლაინ მაღაზიები ქართველი მომხმარებლების ანგარიშებს ბლოკავენ

27 ნოე 202213:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 2834
მსოფლიოს წამყვანი ონლაინ მაღაზიები ქართველი მომხმარებლების ანგარიშებს ბლოკავენ

მოიმატა შემთხვევებმა, როდესაც ონლაინ ვაჭრობის გლობალური პლატფორმები ქართველ მომხმარებლებს გადამზიდავი კომპანიის ამერიკული მისამართის მითითების გამო ბლოკავენ.

მიზეზად უსაფრთხოების რისკები სახელდება, რადგან ელექტრონული კომერციის პლატფორმა ადგენს, რომ მომხმარებელი საქართველოშია, ხოლო ნივთის მიტანის მისამართს ამერიკაში უთითებს, კონკრეტულად კი გადასახადებისგან თავისუფალ დელავერის შტატს, სადაც ამანათების გადამზიდავი ქართული კომპანიების საწყობებია თავმოყრილი.

აღნიშნული მიზეზით მომხმარებელთა ანგარიშების დაბლოკვის შემთხვევებს ადასტურებენ ქართული გადამზიდავი კომპანიებიც და აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევებს მასიური სახე ამ ეტაპისთვის არ აქვს, თუმცა მათი განმარტებით ეს არ არის იმის წინაპირობა, რომ დელავერის შტატის მისამართი შეიცვალონ.

"მსგავსი შემთხვევები ყოველთვის იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ერთეული, არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ დელავერის შტატს რაიმე საფრთხე დაემუქრება, მით უფრო იქ საწყობი მხოლოდ ქართულ კომპანიებს არ აქვთ, დელავერში თავმოყრილია კომპანიები ჩინეთიდან უკრაინიდან და ა.შ,"- აცხადებს ქეთევან შანიძე, Kiwipost-ის საოპერაციო დირექტორი.

თავის მხრივ, ელექტრონული კომერციის ასოციაციაში განმარტავენ რომ, თუ ანგარიშების დაბლოკვის შემთხვევები გახშირდება, არაა გამორიცხული გადამზიდავ კომპანიებს მოუწიოთ ახალ რეალობაზე მორგება და საწყობების დელავერიდან სხვა შტატში გადატანა, ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებლებს გამოწერის საფასური გაეზრდებათ.