LIVE

ეკონომიკური ზრდის შენელება ყველაზე მეტად ევროპას დააზარალებს - OECD

23 ნოე 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
ეკონომიკური ზრდის შენელება ყველაზე მეტად ევროპას დააზარალებს - OECD

გლობალურ ეკონომიკას რეცესიის თავიდან აცილება შეუძლია, თუმცა 70-იანი წლების შემდეგ, ყველაზე მწვავე ენერგოკრიზისი მკვეთრ შენელებას გამოიწვევს. ეს ყველაზე მეტად ევროპას დააზარალებს. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აცხადებს. 

OECD ასკვნის, რომ ინფლაციასთან ბრძოლა პოლიტიკის შემქმნელებისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

ორგანიზაციის შეფასებითვე, სხვადასხვა ქვეყნის პროგნოზი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა OECD გამოყოფს ბრიტანეთს, რომლის ეკონომიკა სხვებს ჩამორჩება.

„რეცესიას არ ვპროგნოზირებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველით გამოხატულად სუსტ პერიოდს", - განაცხადა OECD-ის ხელმძღვანელმა მათიას კორმანმა. 

OECD-მ განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური შენელება ეკონომიკებს არათანაბრად აზიანებს, თუმცა ეს განსაკუთრებით გამოიხატება ევროპაში, სადაც უკრაინაში რუსეთის ომის გამო, ფერხდება ბიზნეს აქტივობა და ენერგიის ფასები რეკორდულად იზრდება. 

ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა წელს მხოლოდ 3.1%-ით გაიზრდება, რაც სექტემბრის პროგნოზთან შედარებით, გაუარესებული მაჩვენებელია. მომავალ წელს გლობალური ეკონომიკა 2.2%-ით გაიზრდება, 2024 წელს კი 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 

ჩინეთი, რომელიც OECD-ის წევრი არ არის, მსხვილი ეკონომიკის მქონე ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც მომავალ წელს, COVID-ის ჩაკეტვის ტალღის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 3.3%-ს შეადგენს, 2023 წელს 4.6%-იანი ზრდა, ხოლო 2024 წელს 4.1%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.  

ორგანიზაციის ახალი პროგნოზით, რუსეთში მიმდინარე წელს ეკონომიკა 3,9%-ით, 2023 წელს 5,6%-ით, 2024 წელს კი 0,2%-ით შემცირდება.