
ილონ მასკის ქონება მიმდინარე წელს $100 მილიარდზე მეტით შემცირდა, Tesla-ს აქციების ფასი კი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მასკის ქონება 24 საათის განმავლობაში დაახლოებით $8,6 მილიარდით შემცირდა და $170 მილიარდი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მილიარდერის ქონება საერთო ჯამში, $100.5 მილიარდით არის შემცირებული.
გუშინ ნიუ-იორკის ვაჭრობაში Tesla-ს აქციები 6.8%-ით დაეცა და $167.87 შეადგინა. ეს 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 52%-ით შემცირდა.
ელექტრომობილების მწარმოებლის ფასის ვარდნა უკავშირდება მზარდ კოვიდ შეზღუდვებს ჩინეთში, სადაც რაც Tesla-სთვის, აშშ-ის შემდეგ, უდიდესი ბაზარია. რამდენიმე დღის უკან კომპანიას გაუმართავი ფარების გამო, 300 000-ზე მეტი ავტომობილის მიბრუნება მოუხდა. ამასთან, Tesla-ს მიწოდების ჯაჭვის პრობლემებთან და ნედლეულის ფასების ზრდასთან უწევს გამკლავება.
ინვესტორებისთვის ასევე შეშფოთებას იწვევს მასკის მიერ Twitter-ის შეძენა და კომპანიისთვის დიდი დროის დათმობა, რადგან შიშობენ, რომ მას შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე მაღალი პროფილის მქონე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობა გაუჭირდეს.