LIVE

2023 წლიდან სამი სახელმწიფო საწარმოს რეფორმირება დაიწყება - სტრატეგიის დეტალები

22 ნოე 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
2023 წლიდან სამი სახელმწიფო საწარმოს რეფორმირება დაიწყება - სტრატეგიის დეტალები

2023 წლიდან რეფორმის პროცესი სამ სახელმწიფო საწარმოში იგეგმება. მთავრობის მიერ მომზადებული სტრატეგიის მიხედვით, საპილოტე რეჟიმში მომავალი წლიდან საქართველოს რკინიგზის, აეროპორტების გაერთიანების და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის რეფორმირება დაიწყება.

როგორც 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიაშია ნათქვამი, 2025 წლისთვის ქვეყანაში ზარალიანი საწარმოების რიცხვი მთლიანი რაოდენობის 40%-ზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო სახელმწიფო კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადახდილი დივიდენდების მოცულობა 150-200 მილიონ ლარს უნდა აღწევდეს.

ამ მიზნის მისაღწევად კი სტრატეგიაში რამდენიმე მიმართულებაა გაწერილი. მათ შორის, სახელმწიფო კომპანიებში კორპორაციული მართვის პრინციპები უნდა დაინერგოს და საწარმოებში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ე.წ. კვაზი-ფისკალური, ანუ არაკომერციული აქტივობები.

„სახელმწიფო კორპორაციების მთავარ ორიენტირად განისაზღვრება კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. საშუალოდ, დროთა განმავლობაში მათ უნდა მიაღწიონ კერძო სექტორის მსგავსი კომერციული კომპანიების შესადარის ფინანსურ შედეგებს. მათი საქმიანობის სამიზნე ორიენტირად კერძო სექტორის შესადარისი კომპანიების მიჩნევა უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო კორპორაციების მიმართ არ იქმნება კერძო სექტორის კონკურენტებთან შედარებით მაღალი თუ დაბალი სტანდარტის დაკმაყოფილების მოლოდინი. განისაზღვრება მიდგომა სახელმწიფო კორპორაციების მეორადი არაკომერციული მიზნის მიღწევის მიმართ, რომლის მიხედვითაც თუ, მეორადი მიზნის სახით, ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობა განიზრახავს სახელმწიფო კორპორაციების საშუალებით არაკომერციული საქმიანობების განხორციელებას, მთავრობამ სრულად უნდა აუნაზღაუროს მათ აღნიშნულ აქტივობებზე გაწეული ხარჯები“, - ნათქვამია სტრატეგიაში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, შემოდის სახელმწიფო საწარმოების ფლობის დუალისტური მოდელი, სადაც ფინანსთა სამინისტრო აქციონერის უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო კორპორაციების ფინანსურ მმართველობას, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხისმგებელი იქნება საოპერაციო ფუნქციების განხორციელებაზე. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს 7 მსხვილ სახელმწიფო საწარმოსთან მიმართებაში უკვე მიენიჭა ფინანსური ზედამხედველის როლი.

ცნობისთვის, ბოლო წლებისგან განსხვავებით, როდესაც სახელმწიფო საწარმოები მილიონობით ლარის ზარალზე იყვნენ, 2021 წელი სახელმწიფო კომპანიებმა ჯამურად 537 მლნ ლარის მოგებით დახურეს. თუმცა აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული მოგება ძირითადად კურსთაშორის სხვაობით, ანუ ლარის გამყარებით იყო განპირობებული.

სახელმწიფო საწარმოების მიმართულება ერთი-ერთი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ახორციელებს. რეფორმის მიზანი მსგავსი საწარმოების ეფექტიანობის გაზრდა და მომგებიან კომპანიებად ქცევაა. საპილოტე რეჟიმში რეფორმირების პროცესი ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მიმდინარეობს. მთავრობა სახელმწიფო საწარმოების სტრატეგიის დამტკიცებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.