LIVE

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა - რაზე შეთანხმდა მთავრობა IMF-თან

16 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 877

მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით დეტალები შეათანხმა.

ახალი სტრატეგიის მიხედვით, საწარმოებზე ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობა გაიზრდება და უწყებას სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ზედამხედველის ფუნქცია ექნება. შესაბამისად, საწარმოებს ყველა ფინანსური გადაწყვეტილების სამინისტროსთან შეთანხმება მოუწევთ. წლის ბოლომდე რეფორმის პროცესი ერთდროულად რამდენიმე მსხვილ სახელმწიფო კომპანიაში უნდა დაიწყოს.

პროცესი შეეხება საპარტნიორო ფონდსაც, რომლის რეფორმაზეც უკვე წლებია საუბარი მიდის. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ფონდი ბიუჯეტიდან და საწარმოებიდან მიღებული დივიდენდებით არ დაფინანსდება და თავად მოუწევს დაფინანსების წყაროების მოძიება.

„რეფორმა საკმაოდ გრძელვადიანია და მისი საბოლოო მიზანი ერთი მხრივ სახელმწიფო კომპანიებში კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვა, ხოლო მეორე მხრივ მათი მომგებიან ორგანიზაციებად ჩამოყალიბებაა. სავალუტო ფონდთან შევთანხმდით, რომ ამ პროცესს ხელს შეუწყობს საწარმოებზე ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის გაზრდა. რეფორმა ეტაპობრივად ყველა მსხვილ საწარმოს შეეხება, მათ შორის საქართველოს რკინიგზას და გაზის და ნავთობის კორპორაციას. მსგავსი მსხვილი კომპანიები  საპარტნიორო ფონდის სტრუქტურას გამოეყოფა. შესაბამისად, საწარმოები აღარ იქნებიან ფონდის დაფინანსების წყარო. ფონდი კვლავ იქნება ინვესტიციების მხარდაჭერაზე ორიენტირებული, თუმცა ამისთვის ინვესტორები და რესურსი თავად უნდა მოიზიდოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიას დაახლოებით ერთ თვეში მიიღებს, რის შემდეგად რეფორმის პროცესი ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში უნდა დაიწყოს.