
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ასამაღლებლად აუცილებელია, რომ მსგავსი კომპანიები კომერციული პრინციპებით მუშაობდნენ.
როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოების მხრიდან მაქსიმალურად შეიზღუდოს ე.წ. კვაზი ფისკალური აქტივობები, ანუ ისეთი მიმართულებების დაფინანსება, რომელიც თავისი შინაარსით მთავრობის ფუნქციებია.
სავალუტო ფონდში ელიან, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ სტრატეგიას უახლოს ხანებში მიიღებს, რის შემდეგად რეფორმირების პროცესი ერთდროულად რამდენიმე მსხვილ სახელმწიფო საწარმოში დაიწყება.
"აღნიშნულ საკითხზე მთავრობასთან აქტიურად ვმუშაობთ და ველით, რომ უახლოეს ხანებში შესაბამისი სტრატეგიაც მზად იქნება. მთავარი ორიენტირი უნდა იყოს ის, რომ მსხვილი სახელმწიფო საწარმოები კომერციული პრინციპებით მუშაობდნენ, ეს ფისკალურ რისკებსაც შეზღუდავს და ეკონომიკაზეც დადებითი გავლენა ექნება. მათი ეფექტურობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს დამოუკიდებელი მმართველობითი ორგანო ჰყავდეთ, ასევე საწარმოები არ უნდა ეწეოდნენ ე.წ. კვაზი ფისკალურ აქტივობებს, რაც თავისი შინაარსით მთავრობის ფუნქციებია. ისინი თანაბარ კონკურენტულ გარემოში უნდა ოპერირებდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე უპირატესობა კერძო კომპანიებთან მიმართებაში. ამ ყველაფერმა უნდა გაზარდოს მათი ეფექტურობა და სახელმწიფო საწარმოები უფრო მეტად მიმზიდველები გახდებიან პრივატიზებისთვისაც. თუმცა მიმდინარე პროგრამის ფარგლებში პრივატიზება არაა მთავარი საკითხი და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მსხვილ სახელმწიფო საწარმოებში რეფორმირების პროცესი სწრაფად დაიწყოს", - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო საწარმოების მიმართულება ერთი-ერთი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ახორციელებს. რეფორმის მიზანი მსგავსი საწარმოების ეფექტიანობის გაზრდა და მომგებიან კომპანიებად ქცევაა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ახალი სტრატეგიის მიხედვით, სახელმწიფო საწარმოებზე ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობა გაიზრდება და უწყებას სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ზედამხედველის ფუნქცია ექნება. მთავრობა შესაბამისი სტრატეგიის დამტკიცებას წლის ბოლომდე გეგმავს.