2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.78 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მლნ ლარია.
საპენსიო სქემაში სულ 1 მლნ 337 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,701-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 6,698,273 ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ფონდის ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.4% იყო, წმინდა ამონაგები კი - 38.8%.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდმა 2022 წლის მარტიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% - ლარში.
საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:
- სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 65.4%;
- ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციები - 13.5%;
- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 8.7%;
- გლობალურ აქციები - 7.9%;
- მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები - 3.6%;
- ევროობლიგაციები - 0.9%.
ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, აქტივების 88.4% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 3.6% ცვლადზე, 7.9% კი გლობალური აქციებია.
რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების ნახევარზე მეტი, 57.1%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 62.8%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.