LIVE

საქართველოში პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი "ჰალო" გამოჩნდა

08 ნოე 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1095
საქართველოში პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი "ჰალო" გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ოპერირება პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა (MVNO) კომპანია „ჰალომ“ დაიწყო, რომელიც არსებული მსხვილი მობილური ოპერატორების ალტერნატივა იქნება და კომპანია "სილქნეტის“ ინფრასტრუქტურის დახმარებით იმუშავებს.

კომპანია, სხვა მსხვილი მობილური ოპერატორების მსგავსად მომხმარებლებს შესთავაზებს, როგორც წუთობრივ ასევე ინტერნეტ პაკეტებსაც. მათი მთავარი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები და ტურისტები იქნებიან.

კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი ლოლუას თქმით, ინვესტირება შპს „ეკლექტიკსმა“ განახორციელა. თავის მხრივ, საქართველოს MVNO ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ „სილქნეტსა“ და „ეკლეკტიკსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხელოვნურია და მარეგულირებლის ჩარევის თავიდან არიდებას ემსახურება. გიორგი ლოლუა კი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

"მესმის, რომ ბაზარზე ახალი ოპერატორის გამოჩენა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. შესაბამისად, მესმის სხვა კომპანიების დამოკიდებულება, რადგან როგორც აღმოჩნდა არიან ოპერატორები, რომლებიც ქსელზე დაშვების უფლების მოპოვებას ცდილობენ და აქვთ სურვილი, რომ გახდნენ ისეთი ტიპის ოპერატორები, როგორებიც ჩვენ ვართ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ რთულია. რეალურად ამ შეთანხმების მისაღწევად და ჩვენი ბაზარზე გამოჩენისთვის საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ“, - განაცხადა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას კომპანია „ჰალოს“ დამფუძნებელმა, გიორგი ლოლუამ.

MVNO ვირტუალური მობილური ოპერატორია, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია. MVNO კომპანიების ბაზარზე შესვლისთვის საჭიროა, მსხვილმა მობილურმა ქსელებმა - “მაგთიკომმა”, “სილქნეტმა” და “ბილაინმა” ისინი საკუთარ ქსელზე დაუშვან, რისთვისაც საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორების სავალდებულო წესით დაშვებას გეგმავდა. თუმცა იმ ფონზე, რომ „სილქნეტმა“ საკუთარ ქსელზე უკვე დაუშვა MVNO „ეკლეკტიკსი“, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურის განცხადებით, მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ MVNO ოპერატორობის თაობაზე საკითხებს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიც დაარეგულირებს და კომისიის ჩარევა საჭირო აღარ იქნება.

აღსანიშნავია, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაციამ  MVNO-ს შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლიდან დაიწყო და ასოციაციაში აქამდეც მიუთითებდნენ, რომ  მობილური ქსელის მფლობელი მსხვილი ოპერატორების წინააღმდეგობრივი განწყობა საქართველოში MVNO ბიზნესის განვითარებას აფერხებს.