მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა (MVNO) ასოციაცია აცხადებს, რომ მობილური ქსელის მფლობელი მსხვილი ოპერატორების წინააღმდეგობრივი განწყობა საქართველოში MVNO ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
"ასოციაციის წევრმა კომპანიებმა MVNO-ს შექმნაზე აქტიურად მუშაობა 2020 წლის თებერვლიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო სირთულეები, რეალობამ მაინც მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად შევეცადეთ ბაზარზე არსებულ მობილური ქსელის ოპერატორებთან დაგვემყარებინა პირდაპირი ურთიერთობა და დაგვეწყო საუბარი, ვინაიდან MVNO ისეთი ტიპის ბიზნეს მოდელია, სადაც თუკი ორივე მხარე (MNO & MVNO) როგორც ეფექტური ბიზნეს პარტნიორი ისე არ მოქმედებს, წარმატება გამორიცხულია. ჩვენი მცდელობა ბიზნეს საწყისებზე, კომერციული პირობებით მოვლაპარაკებოდით მობილური ქსელის ოპერატორებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი წინადადებები ამ ეტაპზე მათ მიერ არ განიხილება. გასაოცარია, თუმცა პროცესი მოლაპარაკებამდე და ბიზნეს გეგმის განხილვის ფაზამდეც კი ვერ მივიდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკების გზამ არ იმუშავა, 2021 წლის თებერვლიდან, ოფიციალური წერილით მივმართეთ ბაზარზე არსებულ ოპერატორებს, თუმცა დღემდე კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგამდე MVNO მოდელის მიმართულებით, არ მივსულვართ. სამი ქსელის ოპერატორიდან, ორთან კომუნიკაცია შედგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ნათლად განსაზღვრული თუ როგორ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე MVNO-ს შექმნის მიმართულებით. ერთ ერთი მსხვილი ოპერატორისგან, ჩვენი განმეორებითი მცდელობების მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ ხდება პროცესის ხელოვნური გაჭიანურება ქსელის მფლობელი ოპერატორების მხრიდან," აცხადებენ ასოციაციაში.
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაცია სამი ორგანიზაციის მიერ (შპს ჯი ენსი, შპს ინექსფონი, შპს მაიფონი) დაფუძნდა საქართველოში MVNO ოპერატორების განვითარების მიზნით. MVNO არის ისეთი ტიპის მობილური ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელის ინფრასტრუქტურა და იყენებს არსებული მობილური ოპერატორების რესურსებს საკუთარი სერვისის გასაწევად (გადამცემი ანძები, მაგისტრალური ქსელი და ა.შ.). გამომდინარე აქედან, მისი ფოკუსი ნაცვლად ინფრასტრუქტურული მიმართულების მართვა/განვითარებისა სრულად ორიენტირებულია მომხმარებელთა ვიწრო აუდიტორიებზე და მათთვის მაქსიმალურად მორგებული და საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე.
კომუნიკაციების კომისიამ MVNO-ებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები (მაგთი, სილკნეტი და ბილაინი) დაავალდებულა, კონკრეტული პირობებით მისცეს წვდომა საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ვირტუალური მობილური ოპერატორობის მსურველ კომპანიებს. თუმცა, მსხვილი კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, მიზეზად კი მის დაუსაბუთებლობას და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ მაგთიკომმა არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, ამ პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე ეროვნული ვალუტის გაუფასურების მხრივ. ამასთან, საქართველოში თითოეული მობილური აბონენტიდან საშუალო თვიური შემოსავალი 8.6 ლარია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამავე დროს, სამი მობილური ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა," აცხადებენ "მაგთიკომში".
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება მომავალში მათ "ვერ განვითარებას, დამონებას და ქვეყნის ეკონომიკის, უსაფრთხოების ნგრევას". კომპანიაში ასევე ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს პირად ინტერესებს და შესაძლოა, კომუნიკაციების კომისია იყოს ვირტუალური ოპერატორის მხარე "მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებაა იყოს დარგის ნეიტრალური არბიტრი."
"მაგთიკომის" შიშებს არ იზიარებენ კომპანიები, რომლებსაც სურთ გახდნენ ვირტუალური ქსელის ოპერატორები და აქვთ ამბიცია, თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებლებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზებას მოვახმაროთ, რომელსაც ტრადიციული ქსელის ოპერატორები არ ქმნიან.
"გასულ წლებში ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად დაგვანახა, რომ მობილური კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოში ძალიან ბევრი პატარა თუ დიდი ნიშაა აუთვისებელი. მიგვაჩნია, რომ საქართველოში დღეს ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ნებისმიერი ნოვატორული, ამბიციური იდეა თუ სტარტაპი მოკლე დროში და შედარებით ნაკლები დანახარჯით შეიქმნას, გაიტესტოს და საბოლოო პროდუქტად იქცეს," ნათქვამია MVNO ასოციაციის განცხადებაში.
აქვე, წევრი კომპანიები განმარტავენ, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ ჭიანურდება პროცესი ქსელის მფლობელი ოპერატორების მხრიდან. არგუმენტებს, რომ დომინანტი ოპერატორები დიდ საბაზრო წილს დაკარგავენ ან შეიქმნება ქსელის უსაფთხოებასთან დაკავშირებული რისკები, ასოციაციაში უსაფუძვლოს უწოდებენ, ხოლო დასტურად საერთაშორისო გამოცდილება მოჰყავთ: "მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედ ასობით MVNO-ს ჯამურად საშუალოდ ბაზრის მხოლოდ 26%-მდე უკავია. ამის განმაპირობებელი უამრავი ფაქტი და მოცემულობა არსებობს, რაც ცნობილი უნდა იყოს დომინანტი ოპერატორებისთვის. ასევე, ქსელის მფლობელი ოპერატორის მხრიდან უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ მართვის გათვალისწინებით, უსაფთხოებასთან დაკავშირებული რისკები მსოფლიოს არცერთ MVNO ოპერატორის მიერ არ შექმნილა. ტექნიკური არგუმენტაციის მოშველიებაც შესაძლებელია იმის შესახებ, რომ MVNO-ებთან ოპერატორის მიერ დაერთება ხშირ შემთხვევაში მსგავსია როუმინგ პარტნიორ ოპერატორებთან დაერთებისა (სხვა ქვეყნის ქსელთან). სხვა თანაბარ პირობებში როუმინგ ოპერატორის დაერთებიდან წარმოშობილი კიბერ უსაფრთხოების რისკები გაცილებით დიდია."
მეორე მხრივ, არსებობს მოლოდინი, რომ ბაზარზე MVNO კომპანიების გაჩენა კონკურენციას გაზრდის და ბაზარს გააჯანსაღებს იმ თვალსაზრისით, რომ მცირე კომპანიები შექმნიან ისეთ ინოვაციურ სერვისებს, რაც მსხვილი ოპერატორებისთვის ამ ეტაპზე ღირებული არ არის.
მიუხედავად მსხვილი კომპანიების წინააღმდეგობისა და შექმნილი სირთულეებისა, ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ საქართველოში გაჩნდებიან MVNO-ები და ქვეყანა შეძლებს ფეხი აუწყოს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპებს.