LIVE

სილქნეტის მიერ დაშვებული MVNO ხელოვნურად შექმნილია - რატი ახვლედიანი

12 სექ 202212:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 999

საქართველოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა (MVNO) ასოციაციის წევრი, რატი ახვლედიანი აცხადებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც „სილქნეტსა“ და „ეკლეკტიკსს“ შორის გაფორმდა ხელოვნურია და მარეგულირებლის ჩარევის თავიდან არიდებას ემსახურება.

როგორც ახვლედიანმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, კომუნიკაციების კომისიის მხრიდან ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვების რეგულაციის შესაძლო გაუქმება, რომელიც კახა ბექაურმა დააანონსა, მოსალოდნელი იყო.

„ძალიან მარტივად, იკვეთება ის, რომ ეს MVNO არის ხელოვნურად შექმნილი და არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ მარეგულირებელმა თავისი სიტყვა აღასრულოს. თუნდაც ყალბი MVNO-ს არსებობა, ჩვენ სავარაუდოდ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც კონკურენციის შესახებ კანონის ფარგლებში წინ წავიწიოთ და მობილური ოპერატორები ვაიძულოთ დაგვიშვან თავიანთ ქსელზე“,- განაცხადა რატი ახვლედიანმა.

ცნობისთვის, MVNO ვირტუალური მობილური ოპერატორია, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია. MVNO კომპანიების ბაზარზე შესვლისთვის საჭიროა, მსხვილმა მობილურმა ქსელებმა - “მაგთიკომმა”, “სილქნეტმა” და “ბილაინმა” ისინი საკუთარ ქსელზე დაუშვან, რისთვისაც საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორების სავალდებულო წესით დაშვებას გეგმავდა. თუმცა იმ ფონზე, რომ „სილქნეტმა“ საკუთარ ქსელზე უკვე დაუშვა MVNO „ეკლეკტიკსი“, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურის განცხადებით, მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ MVNO ოპერატორობის თაობაზე საკითხებს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიც დაარეგულირებს და კომისიის ჩარევა საჭირო აღარ იქნება.

აღსანიშნავია, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაციამ  MVNO-ს შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლიდან დაიწყო და ასოციაციაში აქამდეც მიუთითებდნენ, რომ  მობილური ქსელის მფლობელი მსხვილი ოპერატორების წინააღმდეგობრივი განწყობა საქართველოში MVNO ბიზნესის განვითარებას აფერხებს.