კომპანია „მამისონმა“ მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციაზე შესაძლოა უარი თქვას.
როგორც კომპანიის მეწილე, ნიკოლოზ ჭკადუა „ბიზნეს ფორმულასთან“ განმარტავს, მიზეზი "გოცირიძის" მეტროსადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიასთან არსებული დაძაბულობაა. კერძოდ, მერია კომპანიას ვადების დარღვევისთვის 600 000 ლარით აჯარიმებს, "მამისონში" კი ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ.
„დღესდღეობით ძალიან რთული იქნება ვარკეთილის პროექტის გაგრძელება. გამომდინარე იქიდან, რომ დამკვეთთან, ანუ თბილისის მერიასთან ჩვენ ახლა ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. შესაბამისად, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ვარკეთილის პროექტის განხორციელება ან როგორი იქნება მერიის მხრიდან დამოკიდებულება, ამ ეტაპზე რთული საპროგნოზოა," - განაცხადა, კომპანიის მეწილემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შპს "მამისონი" გააკრიტიკა. მისი თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კალაძემ კომპანიას "უპასუხისმგებლო" უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული არ არის.