LIVE

მერიის ჯარიმას გავასაჩივრებთ - მეტროსადგურ „გოცირიძის“ კონტრაქტორი

03 ნოე 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2953
მერიის ჯარიმას გავასაჩივრებთ - მეტროსადგურ „გოცირიძის“ კონტრაქტორი

შპს „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე მუშაობდა, მერიის მიერ ვადების დარღვევისთვის დაკისრებულ 600 000 ლარიან ჯარიმას გაასაჩივრებს.

როგორც კომპანიის მეწილე, ნიკოლოზ ჭკადუა „ბიზნეს ფორმულასთან“ განმარტავს, კომპანია იმაზე მეტი თანხით დაჯარიმდა, ვიდრე კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

„გადაცდენის ვადები არის, მაგრამ ჯარიმა არის იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იყოს და ამასთან დაკავშირებით გვექნება შესაგებელი დამკვეთთან. ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ აუთვისებელი თანხის 0.2% იქნებოდა. პროექტი მოიცავდა მშენებლობას და პროექტირებას, პროექტირებას დიდი დრო დასჭირდა, მეტროს დაპროექტებას დაახლოებით 1 წელი სჭირდება, ჩვენ გვქონდა 7 თვე დასაპროექტებლად და ასაშენებლად. სამუშაოები კი მიმდინარებდა, მაგრამ თანხა ათვისებული არ გვქონდა და ამის გამო დაგენერირდა ასეთი დიდი ჯარიმა. ამჟამად პროექტი დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები და უახლოეს დღეებში უკვე ჩაბარდება დამკვეთს“,- განმარტავს ნიკოლოზ ჭკადუა.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების გაჭიანურება ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამაც განაპირობა, რადგან ყველაფერი თავიდან გადამოწმდა.

„20 ოქტომბერს გვინდოდა გაშვება, მაგრამ ვაკის პარკის ტრაგედიიდან გამომდინარე, ყველაფრის გადამოწმება თავიდან მოგვიხდა, რამაც პროცესი რამდენიმე კვირით გადადო“,- ამბობს ჭკადუა.

მისი შეფასებით, შესყიდვების სისტემას გადახედვა სჭირდება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მათ შორის პროექტების ჩამორჩენას განაპირობებს.

„4 მილიონად მეტროსადგურის 10 თვეში დასრულება ძალიან კარგი ვადაა. აქ შეცდომა იყო, რომ არასაკმარისი დრო - 7 თვე იყო გამოყოფილი. სახელმწიფომ უნდა გადახედოს შესყიდვების რეგულაციებს, კანონებს. სამშენებლო კომპანიებს ძალიან უჭირთ, კერძო სექტორი მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც მას ექნება კარგი შემოსავალი და ისეთი კონტრაქტი, რომელიც დაიცავს. შესყიდვების სისტემის დახვეწაა საჭირო“,- ამბობს „მამისონის“ მეწილე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შპს "მამისონი" გააკრიტიკა. მისი თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კალაძემ კომპანიას "უპასუხისმგებლო" უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული არ არის.