"საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები" (GRPO) ქარის ელექტროსადგურისა და ჰესის აშენებას გეგმავს.
როგორც GRPO-ს ფინანსურმა დირექტორმა "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კომპანია ქართულ ბირჟაზე მწვანე ობლიგაციის განთავსებას სამომავლოდაც აპირებს და მოზიდული თანხები ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე დაიხარჯება.
Georgia Capital PLC-ის 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, GRPO-მ, "გალტ & თაგარტისა" და "თიბისი კაპიტალის" დახმარებით, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ობლიგაციები უკვე განათავსა.
"განვათავსეთ 80 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაციები. აღნიშნული თანხა საერთაშორისო ბირჟაზე განთავსებული მწვანე ობლიგაციების სესხების რეფინანსირებას მოხმარდა. ეს თანხა ასევე უზრუნველყოფს მომავალში ჩვენს ლიკვიდურობას. ამასთან, გვაქვს გეგმა, სამომავლოდ ავაშენოთ ქარის სადგურები და ჰესი",- აცხადებს GRPO-ს ფინანსური დირექტორი, ნუკა მშვიდობაძე.
"საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების" მიერ $80 მილიონის მწვანე ბონდების განთავსება, ქართულ ბაზარზე პირველი მსხვილი გარიგებაა. საკითხით ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაინტერესდნენ, როგორებიცაა FMO, ADB, EBRD და IFC.