LIVE

ავიაბილეთების ფასები 2023 წელსაც მაღალი იქნება

30 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 810
ავიაბილეთების ფასები 2023 წელსაც მაღალი იქნება

ენერგოკრიზისის, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და კადრების დეფიციტის ფონზე, ავიაბილეთებზე ფასების ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება.

მიუხედავად გაძვირებული ბილეთებისა, წინასწარ გაკეთებული ჯავშნები ცხადყოფს, რომ ფრენებზე მოთხოვნა მაინც მზარდია.  

ავიაბილეთების ყიდვა-გაყიდვის ამერიკული ვებ-გვერდის Scott's Cheap Flights-ის დამფუძნებელი, სკოტ კეისი ამბობს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მათ შორის სადღესასწაულო ფრენებიც ძვირი იქნება.

ასე მაგალითად, მადლიერების დღისთვის ფასდაკლებული ავიაბილეთების საშუალო ღირებულება $274-ია, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საშობაო შიდა ფრენების ფასი კი საშუალოდ $390 იქნება, რაც 40%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. პრემიუმ კლასებში ფასი 2019 წელთან შედარებით 5%-დან 10 %-მდეა გაზრდილი. 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გლობალური ფრენები 100%-ით ჯერ არ აღდგენილა და ავიაბილეთების მნიშვნელოვნად გაძვირდა, გაზრდილი მოთხოვნისა გამო კომპანიებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალიც მოგებით დახურეს. მათ შორისაა, სამი უმსხვილესი ამერიკული ავიაკომპანია: Delta, United და American. წინასწარ გაკეთებული ჯავშნების ფონზე თითოეული მათგანი ელის, რომ მეოთხე კვარტალსაც მოგებით დაასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, გლობალური ჯავშნები სტაბილური დარჩა. როგორც ავიაკომპანია United-ის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ კირბი ამბობს, აღნიშნულზე დადებითი ეფექტი დისტანციური სამუშაო კულტურის განვითარებაც იქონია.

„ჰიბრიდული სამუშაოებით, ყოველი შაბათ-კვირა შეიძლება იყოს დასვენების დღე ამიტომ, სექტემბერი, ჩვეულებრივ არაპიკური თვე, იყო მესამე ყველაზე ძლიერი თვე ჩვენი კომპანიის ისტორიაში", - აღნიშნავს სკოტ კირბი.

პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებლის სრულად აღდგენას კი კომპანია Delta 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის პროგნოზირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, ამასთან ძვირდება ბილეთებიც, საავიაციო ინდუსტრიის პერსონალის დეფიციტი დარგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მფრინავების მიმართულებით. ამ პრობლემის გამო ხშირად რეისები იგვიანებს ან უქმდება.

დაჩქარებული ინფლაციის ფონზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავიაბილეთები ზაფხულის ცხელ სეზონზე 43%-ით გაძვირდა.