LIVE

ევროკავშირში ქარისა და მზის ენერგიის წარმოება რეკორდულ დონემდე გაიზარდა

23 ოქტ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 735
ევროკავშირში ქარისა და მზის ენერგიის წარმოება რეკორდულ დონემდე გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 24% ქარისა და მზის ენერგიაზე მოდის, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.  

კლიმატის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების: E3G და Ember-ის თანახმად, მარტიდან სექტემბრამდე ევროკავშირში ქარისა და მზის წყაროებით ელექტროენერგიის გამომუშავება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 345 ტვტ/სთ შეადგინა.  

ალტერნატიული ენერგიის წყაროების წილის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა რუსეთმა ბლოკის მიმართულებით გაზის ნაკადები შეამცირა. განახლებადი ენერგიის სიმძლავრის ზრდა ბლოკს მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში 99 მილიარდი ევროს ღირებულების გაზის იმპორტის ჩანაცვლებაში დაეხმარა.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებამ რეკორდულ მაჩვენებელს ცხრამეტ ქვეყანაში მიაღწია. 

მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ანალიტიკური ცენტრები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ბლოკმა განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისება შეძლოს. 

"ქარისა და მზის ენერგია უკვე ეხმარება ევროპელ მოქალაქეებს, მაგრამ სამომავლო პოტენციალი კიდევ უფრო დიდია", - თქვა Ember-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კრის როსლოუმ. 

განახლებადი ენერგიის მთლიანი სიმძლავრე კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა გვალვა, რაც მეცნიერების შეფასებით, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის კრიზისის შედეგია. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მაღალი იქნება ალტერნატიული წყაროების გამომუშავება, მით უფრო შემცირდება სამომხმარებლო ხარჯები. 

რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის შეზღუდვამ გამოიწვია "ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ინფლაციური შოკი, რაც 1970-იან წლებში ნავთობის კრიზისსაც კი აღემატება", - ნათქვამია ანგარიშში.  

2022 წლის სექტემბერში, გასულ წელთან შედარებით, ენერგიის ხარჯები 40,8%-ით გაიზარდა. 

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ გაზრდილი საცხოვრებელი ხარჯების შესამსუბუქებლად ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პროგრამები გამოაცხადა, მიუხედავად ამისა, ის მაინც დიდ ტვირთად აწევს ბიზნესსა და ოჯახებს. სპეციალისტების განცხადებით, ქვეყნები ასეთი ძვირადღირებული პროგრამების დიდი ხნით დაფინანსებას ვერ შეძლებენ.