LIVE

შესაძლოა, აშშ-მა საგანგებო რეზერვებიდან ნავთობი ამ კვირაში გაყიდოს

18 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 591
შესაძლოა, აშშ-მა საგანგებო რეზერვებიდან ნავთობი ამ კვირაში გაყიდოს

ბაიდენის ადმინისტრაცია ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან გაყიდვას გეგმავს, რათა მომავალ თვეში დაგეგმილი კონგრესის არჩევნებამდე საწვავის ფასები შემცირდეს. ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებული სამი წყარო ადასტურებს

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ამ თემაზე განცხადებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ ამ კვირაში გააკეთებს. მედიის ინფორმაციით, რეზერვიდან 14 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვა იგეგმება. 

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ადმინისტრაციამ ასევე ისაუბრა ნავთობკომპანიებთან, კონგრესის მანდატით დამატებით 26 მილიონი ბარელის გაყიდვის შესახებ 2023 ფისკალურ წელს, რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო. 

წყაროების ინფორმაციით, ადმინისტრაციამ კომპანიებთან ასევე მოილაპარაკა რეზერვის შესავსებად 2025 წლამდე ნავთობის უკან შესყიდვის შესახებ.

ბენზინის ფასების ზრდამ ინფლაცია ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა, რაც ბაიდენის და მისი პარტიის რეიტინგს საფრთხეს უქმნის. 

ბაიდენის ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ, დევიდ ტურკმა გასულ კვირას თქვა, რომ ნავთობის ფასების სტაბილიზაციისთვის  ადმინისტრაციას შეუძლია მომდევნო კვირებსა და თვეებში სტრატეგიული რეზერვი გამოიყენოს. 

აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა გუშინ გალონზე დაახლოებით $3,89 დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 20 ცენტით მეტია ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე, შარშანდელ ფასს კი 56 ცენტით აღემატება. ივნისში ბენზინის ფასმა საშუალოდ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $5,00-ს გადააჭარბა.

მიმდინარე თვეში OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ნედლი ნავთობის ფიუჩერსები სწრაფად გაიზარდა. მიუხედავად მოგვიანებით ფასის კლებისა, ის მაინც $90-ზე ზევით ნარჩუნდება