LIVE

აშშ-ში საბაზო ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

13 ოქტ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
აშშ-ში საბაზო ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

აშშ-ში საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა სექტემბერში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, რაც მიანიშნებს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) რეფინანსირების განაკვეთს, სავარაუდოდ, მკვეთრად გაზრდის. 

წლიური საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგიის ცვალებად ფასს გამორიცხავს, სექტემბერში 6.6%-მდე გაიზარდა, რაც 1982 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  

მთლიანობაში, ინფლაციის მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 0.4%-ით, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით - 8.2%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა არაერთი კატეგორიის საქონელზე ფასების ზრდამ გამოიწვია, მათ შორის, უდიდესი წილი მოდის საცხოვრებლების, საკვებისა და ჯანდაცვის ხარჯებზე. 

გაზრდილი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, ჯერჯერობით ქვეყნის შრომის ბაზარი და მომხმარებელთა მოთხოვნა სტაბილური რჩება. სექტემბერში უმუშევრობის დონე გასული ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე ჩამოვიდა. ბიზნესი აგრძელებს ხელფასების გაზრდას თანამშრომლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, რომლებიც საჭიროა შინამეურნეობების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

უმუშევრობის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ნოემბრის Fed-ის შეხვედრაზე მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 75-პუნქტიანი ზრდა. 

ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ მომავალ თვეში განაკვეთის ზრდა მართლაც მასშტაბური იქნება და ამ ფონზე, ეცემა ფიუჩერსების ფასები.  

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიდ პიკერტი