
ნოემბერში დაფიქსირებული უდიდესი მაჩვენებლის შემდეგ, Tesla-ის აქციები დაახლოებით 50%-ით შემცირდა.
გუშინ ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები 7,6%-ით შემცირდა და $204,99 შეადგინა. შედარებისთვის, ნოემბერში ეს მაჩვენებელი $409,97 იყო.
კომპანიის აქციების ვარდნა რამდენიმე მიზეზით აიხსნება. ინვესტორებს აფრთხობს მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური შენელება, მაღალი ინფლაცია და ამ ფონზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პერსპექტივა.
ამას გარდა, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ მესამე კვარტალში Tesla-ს მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მანქანებზე გაზრდილი ფასი შესაძლოა, გარკვეულ მომენტში მოთხოვნაზეც აისახოს.
ბოლო სამი თვის განმავლობაში Tesla-მ მომხმარებელს რეკორდული ოდენობის - 343,830 ავტომობილი მიაწოდა, თუმცა ის მაინც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს - 358,000 ავტომობილს, რაც ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალია.
შანხაიში კომპანიის ქარხნის მუშაობა შეაფერხა Covid-19 პანდემიის გამო გამოცხადებულმა ხანგრძლივმა რეგულაციებმა. სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, Tesla-საც მოუწია გამკლავებოდა მიწოდების დეფიციტს და ნედლეულის ხარჯების ზრდას.
გარდა ამისა, ინვესტორებს ასევე აფერხებს მასკის გადაწყვეტილება Twitter-ის ყიდვის შესახებ, რადგან ვარაუდობენ, რომ მილიარდერს შესაძლოა, გაუჭირდეს ამდენი მოთხოვნადი კომპანიის ერთდროულად მართვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეშა დეი