LIVE

Bloomberg Businessweek: ივარჯიშეთ და იყავით უფრო პროდუქტიული

17 თებ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 867
Bloomberg Businessweek: ივარჯიშეთ და იყავით უფრო პროდუქტიული
ILLUSTRATION BY YANN BASTARD

ვარჯიში არა მხოლოდ სხეულის ფორმების შენარჩუნებაში გვეხმარება, არამედ ზრდის ჩვენს პროდუქტიულობას.

დადგენილია, რომ კარდიო ვარჯიში ადამიანებს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე მუშაობასა და ყურადღების კონცენტრაციაში ეხმარება. ამ თემაზე Bloomberg-მა რჩევისთვის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვარჯიშის ფსიქოლოგიის პროფესორს, პანტელეიმონ ეკკეკაკისს მიმართა, რომელიც ვარჯიშის გუნება-განწყობაზე მოქმედებას იკვლევს:

რა სახის ვარჯიშებს უწევთ რეკომენდაციას?

ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი ვარჯიში აუცილებელია. თუმცა თუ მიზანი, სამუშაო პროდუქტიულობის გაზრდაა, მაშინ პასუხი კარდიოა. ის პირდაპირ მოქმედებს ადამიანის კოგნიტურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ამ მხირვ, სხვა აქტივობების გავლენა საფუძვლიანად გამოკვლეული არ არის.

ვარჯიშის რა ხანგრძლივობაა რეკომენდებული?

სცადეთ 20-30 წუთი. ეს არ ნიშნავს, რომ დროში შეზღუდული ხართ, უბრალოდ კვლევებში უმეტესად მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებიც კარდიო ვარჯიშს სწორედ ამდენ დროს უთმობენ.

რა დატვირთვას უწევთ რეკომენდაციას? 

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს ვარჯიშის დროს. თუ ფიქრობთ, რომ “უკვე კვდებით” და “მეტი აღარ შეგიძლიათ”, შეამცირეთ დატვირთვა და ინტენსიური ვარჯიშები შედარებით ნაკლებად დატვირთული დღეებისთვის შემოინახეთ. ძლიერი ინტენსივობის ვარჯიშმა შეიძლება სხეულის სტრესული რეაგირება გამოიწვიოს. ასეთი რეაქცია, როგორც წესი, მათთვის არის დამახასიათებელი, ვინც ფიზიკურ დატვირთვას მიჩვეული არ არის.

როგორ მოვიქცე თუ ბევრი შეხვედრა მაქვს და კონცენტრაცია მჭირდება?

კარდიო ვარჯიშები კონცენტრაციის უნარს ზრდის. როცა საქმე თქვენგან მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს, საქმის დაწყებამდე ივარჯიშეთ. თუმცა, თუ დილის 6 საათზე ივარჯიშებთ, ვარჯიშის შედეგად კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას შუადღის 4 საათზე ნუ დაელოდებით.  

როგორ მოვიქცე თუ ემოციურად დატვირთული დღე მელოდება? 

ვარჯიში არამარტო ამცირებს სტრესის დონეს, არამედ ეხმარება თქვენს გონებასა და სხეულს, ემოციურ გამოწვევებს უფრო მშვიდად შეხვდეს. გაითვალისწინეთ, რომ შედეგი ვარჯიშიდან 30 წუთის შემდეგ დგება.

რა მოხდება, თუ ღამე ვივარჯიშებ?

კარგია, მაგრამ შეეცადეთ აქტივობა ძილის წინ სამ-ნახევარი საათით ადრე დაასრულოთ, რადგან მკვლევარების ვარაუდით, ვარჯიში აფხიზლებს ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არიან კოენი