პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ამერიკული Exxon-ის მიერ მართული, Sakhalin-1-ის პროექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ქვეყნის შორეული აღმოსავლეთიდან Exxon Mobil Corp.-ის საბოლოო გასვლა გამოიწვიოს.
პუტინის ბრძანებით, ახალი რუსული იურიდიული პირი გადაიბარებს Sakhalin-1-ის ამჟამინდელი ინვესტორი კონსორციუმისა და ოპერატორის (Exxon Neftegas Limited) უფლებებსა და პასუხისმგებლობებს.
დადგენილება რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს გადაწყვიტოს, შეუძლიათ თუ არა უცხოელ აქციონერებს, შეინარჩუნონ წილები პროექტში.
უცხოელ მეწილეებს ერთი თვე აქვთ, რათა განაცხადონ, შეინარჩუნებენ თუ არა თავიანთ წილებს ახალ კომპანიაში. ინვესტორები, რომლებიც პროექტის დატოვებას გადაწყვეტენ, კომპენსაციის მიღებას შეძლებენ, ზარალისთვის, რომელიც წარმოიშვა წლის დასაწყისში, Sakhalin-1-ის შეჩერების ფონზე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Exxon-ის რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილების გამო, Sakhalin-1-ზე ნავთობის წარმოება 15 მაისიდან თითქმის შეჩერებულია.
Sakhalin-1 კომპლექსური პროექტია, რომელიც გასულ წელს დღეში დაახლოებით 227,000 ბარელ ნავთობს ამუშავებდა. 2005 წელს, როცა პროექტმა მუშაობა დაიწყო, მას საინჟინრო სასწაულად მიიჩნევდნენ. პროექტის აქციონერები არიან ამერიკული Exxon Mobil, რუსული Rosneft PJSC, იაპონური SODECO და ინდოეთის Oil & Natural Gas Corp.
Exxon პროექტის დატოვებას მარტიდან ცდილობს. აგვისტოში Exxon-მა განაცხადა, რომ Sakhalin-1-ის 30%-იანი წილის მესამე მხარისთვის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა, რადგან ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთმა, "ეროვნული ინტერესების დაცვის" მოტივით, ე.წ. "არამეგობრული" ქვეყნების ინვესტორებს წლის ბოლომდე ძირითად ენერგეტიკულ პროექტებსა და ბანკებში წილების გაყიდვა აუკრძალა. ამას Exxon-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავის დაწყება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა ივლისში ხელი მოაწერა მსგავს განკარგულებას Sakhalin-2-ის ბუნებრივი გაზის პროექტის ოპერაციების რუსულ ერთეულზე გადაცემის შესახებ. იაპონია პროექტიდან გასვლას არ აპირებს. Shell Plc-მა, კი რომელსაც 27.5% წილი აქვს, განაცხადა, რომ "ნაკლებად სავარაუდოა" ახალ ერთეულში კვლავ ჰქონდეს წილი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია