LIVE

Exxon-ი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

31 აგვ 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
Exxon-ი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
Alexey Nikolsky/AFP/Getty Images

Exxon Mobil-მა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ რუს ოფიციალურ პირებს შეატყობინა, რომ თუ ქვეყნის მთავრობა Sakhalin-1 პროექტიდან გასვლის საშუალებას არ მისცემს, სასამართლოს მიმართავს.  

"რუსეთის ფედერალურ მთავრობას მივაწოდეთ ცნობა განკარგულებასთან შეუთავსებლობის შესახებ, რაც აფერხებს ჩვენს უფლებებს და ხელს უშლის ოპერაციებიდან უსაფრთხოდ გასვლის შესაძლებლობას", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Exxon პროექტის დატოვებას მარტიდან ცდილობს. აგვისტოს დასაწყისში ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მას ამის უფლება აღარ აქვს, რადგან რუსეთმა, "ეროვნული ინტერესების დაცვის" მოტივით, ე.წ. "არამეგობრული" ქვეყნების ინვესტორებს წლის ბოლომდე ძირითად ენერგეტიკულ პროექტებსა და ბანკებში წილების გაყიდვა აუკრძალა. ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს დაბრკოლებები შეუქმნას დასავლეთის ქვეყნებისა და მისი მოკავშირეების კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ. 

განკარგულების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც Exxon-მა განაცხადა, რომ Sakhalin-1-ის 30%-იანი წილის მესამე მხარეზე გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 

Sakhalin-1 კომპლექსური პროექტია, რომელიც გასულ წელს დღეში დაახლოებით 227,000 ბარელ ნავთობს ამუშავებდა. 2005 წელს, როცა პროექტმა მუშაობა დაიწყო, მას საინჟინრო სასწაულად მიიჩნევდნენ. Exxon-ის მიერ მუშაობის შეჩერების შემდეგ, წარმოების ძველი დონის აღდგენა ახალი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოწვევა იქნება. 

რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი Rosneft-ი, რომელიც პროექტის 20%-ს ფლობს, აცხადებს, რომ დავა შეიძლება მოგვარდეს, თუ Exxon პროექტზე მუშაობას განაახლებს. 

Rosneft-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass წერს, რომ თუ Sakhalin-1-ის წარმოება ნორმალურ რეჟიმში დაუბრუნდება, ეს პროექტთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას გადაჭრის. 

Rosneft-ის ადრეული განცხადებით, Exxon-ის გასვლის გადაწყვეტილების გამო, Sakhalin-1-ზე ნავთობის წარმოება 15 მაისიდან თითქმის შეჩერებულია. ამას მოწმობს Bloomberg-ის მონიტორინგიც. ტანკერების თვალთვალის მონაცემების მიხედვით, ივნისის დასაწყისიდან არ განხორციელებულა ნედლი ნავთობის ექსპორტი დე კასტრის ტერმინალიდან, რომელიც Sakhalin-1-ს ემსახურება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კევინ კროული