LIVE

ოთარ ნადარაია: უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარგებლის შემცირებაა მოსალოდნელი

02 ოქტ 202219:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
ოთარ ნადარაია: უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარგებლის შემცირებაა მოსალოდნელი

„თიბისის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, საქართველოში უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარგებლის შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც ნადარაიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ადგილობრივ ბაზარზე ანაბრების განაკვეთებს ძირითადად მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორი განსაზღვრავს. შესაბამისად, მიუხედავად, აშშ-ში და ევროპაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, არაა მოსალოდნელი, რომ საქართველოში დოლარის და ევროს დეპოზიტებზე განაკვეთები გაიზარდოს.

“ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინებიდან გამომდინარე, ჩვენი ბაზრის მონაწილეების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი დაეზოგა უცხოურ ვალუტაში. საგულისხმოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შემოსული მიგრანტების მიერ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების 90% ასევე უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. სესხების ნაწილში კი ტენდენცია პირიქითაა და ეროვნული ვალუტის სესხების მოცულობა მზარდია. ამ ვითარებას მივყავართ იქამდე, რომ ბანკებში უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა იქმნება და მოსალოდნელია, რომ მომავალში სავალუტო დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი დამატებით შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან, სადაც განაკვეთები პირიქით იზრდება“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დოლარის და ევროს დეპოზიტებზე სარგებელი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ამ დროისთვის დოლარის ანაბარზე საშუალო განაკვეთი  1.5%-ს შეადგენს, ხოლო ევროზე 1%-ს.

ამასთან, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული დედოლარიზაციის პოლიტიკისა, ქართულ ბანკებში დეპოზიტების 58% კვლავ უცხოურ ვალუტაშია განთავსებული.