LIVE

Airbus-თან და Boeing-თან კონკურენციაში ჩინური C919 შევა - სერტიფიცირება დასრულდა

01 ოქტ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
Airbus-თან და Boeing-თან კონკურენციაში ჩინური C919 შევა - სერტიფიცირება დასრულდა
Qilai Shen / Bloomberg

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ჩინეთმა ოფიციალურად მიანიჭა სერტიფიცირება თვითმფრინავების ადგილობრივ მწარმოებელს. შესაბამისად, ჩინური Comac ვიწრო კორპუსის თვითმფრინავების მომგებიან ბაზარზე ამერიკულ Boeing Co.-სა და ევროპულ Airbus SE-ს კონკურენციას გაუწევს.

Commercial Aircraft Corp of China Ltd.-ის C919-ის სერტიფიცირების შესახებ განცხადება პეკინში გაკეთდა. ღონისძიებას პრეზიდენტი სი ძინპინი და ჩინეთის მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჩინეთი ცდილობს შეაფერხოს Boeing-ისა და Airbus-ის დომინირება კომერციული თვითმფრინავების წარმოებაში. თუმცა, უცნობია, თუ როდიდან იქცევა C919 დუოპოლიისთვის კონკურენტულ საფრთხედ. Comac-მა ყურადღება ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჯერ-ჯერობით ვერ მიიპყრო და ავიახაზები კვლავ Airbus-სა და Boeing-ს ანიჭებენ უპირატესობას.

Comac-ის თქმით, მას ადგილობრივ ბაზარზე 28 მომხმარებლისგან C919-ზე უკვე 815 შეკვეთა აქვს, თუმცა უმეტესობა არ არის დადასტურებული. ცნობისთვის, ჩინეთის ეგრეთწოდებულ დიდ სამეულს - Air China Ltd. China Southern Airlines Co. და Hainan Airlines-ს 2241 Boeing-სა და Airbus-ის ვიწრო კორპუსის თვითმფრინავი ჰყავთ და მინიმუმ 546 შეკვეთა გზაშია.

C919 თვითმფრინავის სიმულირებული კაბინეტი.

სანამ C919 სერტიფიცირებული არ იქნება უცხოური რეგულატორების მიერ, თვითმფრინავს მხოლოდ ჩინეთის ფარგლებში ექნება ფრენის უფლება. აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. ჩვეულებრივ, თვითმფრინავების აშშ-ში გამოყენების დასამტკიცებლად ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნის თვითმფრინავის დიზაინს განიხილავს, მაგრამ გაურკვეველია, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე როგორ განვითარდება მოვლენები.

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს სპიკერმა თქვა, რომ ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო რამდენიმე წელია მუშაობს Comac-თან და ჩინურ მარეგულირებელთან, მაგრამ არ შეუძლია კომენტარის გაკეთება ვალიდაციის დასრულების თარიღთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ C919-ის სერტიფიცირება საერთოდ არ მოხდეს.

C919-ს შეუძლია 3450 მილის (5552 კილომეტრი) დაფარვა და 168 მგზავრის გადაყვანა. ეს კონკურენტი Airbus A320-ისა და Boeing 737 Max-ის როგორც დიაპაზონს, ისე ტევადობას ჩამორჩება.

Xinhua-ს ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა C919-ის გუნდს განუცხადა, რომ უსაფრთხოება თვითმფრინავის მთავარი პრიორიტეტია და დასძინა, რომ ჩინეთი ეძებს უფრო მეტ გარღვევას მაღალი დონის აღჭურვილობის წარმოებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდჰარტ ვიკრამ ფილიპი