LIVE

H&M, Next - მაღალი ინფლაცია საცალო მოვაჭრეებს აზარალებს

01 ოქტ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
H&M, Next - მაღალი ინფლაცია საცალო მოვაჭრეებს აზარალებს

Next Plc-სა და H&M-ის ცნობით, ევროპულ საცალო ვაჭრობას კიდევ ერთი სირთულე დაემატა, რადგან ინფლაცია ერთდროულად აძვირებს ტანსაცმელს და ამცირებს მომხმარებლის მსყიდველობით უნარს.

H&M-მა განაცხადა, რომ წლიურ ხარჯებს დაახლოებით 2 მილიარდი შვედური კრონით ($180 მილიონი) შეამცირებს, ვინაიდან რუსეთის ბაზრიდან გამოსვლამ, ასევე ტანსაცმლისა და ტრანსპორტის გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია მესამე კვარტლის შემოსავლის 86%-ით შემცირება.

საცალო მოვაჭრეები საქონელზე მოთხოვნის ვარდნას უპირისპირდებიან, ვინაიდან მომხმარებლები ენერგორესურსებზე, ისევე როგორც საწვავზე გაზრდილი ფასების გამო სხვა ხარჯების შემცირებას ცდილობენ. ამავდროულად, დოლარის გამყარება ტანსაცმლის გაძვირებასაც განაპირობებს. ამას ემატება ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის ზეწოლა, რომელიც ფუნტის შოკისმომგვრელი გაუფასურების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ამდენი ცვლადის გამო, გაყიდვების ტენდენციების პროგნოზირება უჩვეულოდ რთულია, მით უმეტეს, მთავრობის ბოლო სტიმულირების ღონისძიებებს თუ გავითვალისწინებთ, რომელთაც სრულად ასამოქმედებლად ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ,“ - წერს Next-ის აღმასრულებელი დირექტორი, საიმონ ვოლფსონი.

ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ბრიტანულმა ქსელმა განაცხადა, რომ წლის მოგება იქნება 840 მილიონი ფუნტი ($905 მილიონი), ნაცვლად წინა გეგმით გაანგარიშებული 860 მილიონი ფუნტისა. ამასთან, მეორე ნახევარში, ფასდაუკლებელი საქონლის გაყიდვების 1.5%-ით ვარდნა უფროა მოსალოდნელი, ვიდრე 1%-ით მატება.

Next-ის აქციები ანგარიშის წარდგენის შემდეგ 10%-ით დაეცა, მაშინ როცა H&M-ის აქციების კლებამ 18 წლიან მინიმუმს, 7.2%-ს მიაღწია.

ყველა საცალო მოვაჭრე დიდ ბრიტანეთში სუსტი სამომხმარებლო მოთხოვნის წინააღმდეგ იბრძვის. ბრიტანულ მაღაზიებში ფასებმა სექტემბერში ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, ბრენდებს კი სულ უფრო მეტად უწევთ ხარჯების მომხმარებლებზე გადაკისრება, რაც თავის მხრივ პროდუქტს მნიშვნელოვნად აძვირებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რაფაელა ლინდებერგი და ქეითი ლინსელი