აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე მიგრანტების დადებითი ეფექტი შესაძლოა ერთჯერადი იყოს. საუბარია რუსეთიდან ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილ ფულად გზავნილებსა და მიგრანტების მიერ დახარჯულ თანხებზე, რომლებიც ტურიზმის სტატისტიკაში აისახება.
როგორც ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის დირექტორმა განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტებთან დაკავშირებულ შემოდინებებს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. თუმცა ლიაზიზა საბიროვას განცხადებით, რეგიონში გაურკვევლობა კვლავ საკმაოდ მაღალია და აღნიშნული ეფექტი შესაძლოა დროებითი და ერთჯერადი ხასიათის იყოს.
„რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებიც ჯერ კიდევ თვეების წინ დაიძრნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ, მათ შორის საქართველოსკენ, IT სფეროშია დასაქმებული, მათ საკუთარი საწარმოებიც დააფუძნეს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამას დადებითი გავლენა ჰქონდა ისეთ ქვეყნების ეკონომიკებზე როგორიცაა მაგალითად საქართველო, სომხეთი. ამასთან, ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ფულად გზავნილებს, თანხებს, რომელიც თან ჩამოაქვთ რუს მიგრანტებს. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 6-ჯერ გაიზარდა და, რა თქმა უნდა, ეს დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. როგორც იცით, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უკვე გავზარდეთ 7%-მდე. თუმცა ეს ფაქტორები შესაძლოა დროებითი და ერთჯერადი ეფექტი იყოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთში. საქართველოში ჩვენ ვხედავთ ტურისტების გაზრდილ რაოდენობას არამხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. თუმცა ჩვენს რეგიონში გაურკვევლობა ძალიან მაღალია. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, არის თუ არა ეს ერთჯერადი ეფექტი, ამის თქმა ძალიან რთულია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუკი ქართველები, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, ასევე დაბრუნდებიან ქვეყანაში, მაშინ ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდება, რასაც გავლენა ექნება მაგალითად გაცვლით კურსზე“, - განაცხადა ლიაზიზა საბიროვამ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო რეკორდული მოცულობის ფულად გზავნილებს იღებს და გადმორიცხული თანხების ოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. აგვისტოში, წინა თვეების მსგავსად, საქართველომ ყველაზე მეტი ($111 მილიონის) ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო და მასზე მთლიანი გზავნილების 33% მოდიოდა. გასულ თვეს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც რუსეთი ლიდერობდა, 133 მლნ დოლარით. იანვარ-აგვისტოს ჯამური მონაცემებით კი რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 468 მლნ დოლარი დახარჯეს.
ცნობისთვის, ADB-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით, მომავალ წელს კი 6%-ით გაიზრდება. საქართველოს მთავრობამ კი 2022 წლისთვის ეკონომიკური პროგნოზი 8.5%-მდე გაზარდა.