თალიბანმა რუსეთთან საწვავისა და ხორბლის ფასდაკლებით შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სპიკერის, აბდულ სალამ ჯავად ახუნდზადას განცხადებით, ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ბენზინი, დიზელი, გაზი და ხორბალი, ავღანეთი რუსული რუბლით და „სპეციალური ფასდაკლებით“ იყიდის.
მისივე განცხადებით, იმპორტის მისაღებად მზადება მიმდინარეობს და მიწოდება დღის ან კვირის განმავლობაში დაიწყება.
ეს არის ამ ტიპის უმსხვილესი გარიგება, რომელსაც თალიბანმა გასული წლის აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიაღწია. შეთანხმება მოიცავს განუსაზღვრელი ვადით ყოველწლიურად ერთი მილიონი ტონა ბენზინის, ამავე მოცულობის დიზელის, ნახევარი მილიონი ტონა თხევადი გაზის და ორი მილიონი ტონა ხორბლის მიღებას.
სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ მომავალში მოსკოვთან უფრო გრძელვადიანი გარიგებებია მოსალოდნელი.
შეთანხმება რუსეთში გასულ თვეში ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის ნურუდინ აზიზის ვიზიტს მოჰყვა.
საწვავის ფასის შესამცირებლად, ივნისში თალიბანმა ირანთან 350 000 ტონა ნავთობპროდუქტის შესაძენად შეთანხმებას მიაღწია.
თალიბანის მთავრობა ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, თუმცა, რუსეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომელმაც თავისი ქაბულში საელჩო გახსნა.
სამინისტროს ცნობით, ავღანეთი ყოველწლიურად 1,3 მილიონ ტონა საწვავს მოიხმარს. ის ძირითადად იმპორტირებულია უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან და ირანიდან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა