LIVE

მეტროს გვირაბის გაგანიერებაზე მუშაობა დავიწყოთ - კახა კალაძე

28 სექ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1274
მეტროს გვირაბის გაგანიერებაზე მუშაობა დავიწყოთ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, გადაადგილების პრობლემა იქმნება „სადგურის მოედანზე“, სადაც მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება.

კალაძემ ირაკლი ხმალაძეს და ვიქტორ წილოსანს მეტროს გვირაბის გაფართოებაზე მუშაობის დაწყება დაავალა.

მისივე განცხადებით, პირველ რიგში ნაკადების მართვა უნდა დაიწყოს.

„70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რასაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა ვიცე-მერსა და ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დავავალო, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ და ყველაფერი მოწესრიგდეს. თავდაპირველად შესაძლოა სატესტო რეჟიმში განვითარებული ქვეყნების მაგალითები გამოვიყენოთ. შესაძლოა ბევრს უმგზავრია ლონდონის მეტროთი და ვიცით თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. შესაბამისად, მეტი ჩართულობისკენ მინდა მოგიწოდოთ. ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით. ეს შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს, ვიღაცისთვის - სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ, ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა.

პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე, იმისთვის, რომ გვირაბში გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მგზავრების აყვანის მხრივ მეტროს პრობლემა არ აქვს.