LIVE

ტურიზმის სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დადასტურდა

27 სექ 202211:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 729
ტურიზმის სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დადასტურდა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურიზმის სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. სააგენტოს განმარტებით, საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას.

„სააგენტოს მიერ დამუშავებული მასალების შედეგად, დადასტურდა მომჩივანის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

მათი განმარტებით, ამ დროისთვის, სააგენტო მოკვლევის 3 საქმეს განიხილავს - საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში - ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.

ასევე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად 3 საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე.

2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, 4 კომპანიის შერწყმაზე გაიცა თანხმობა და მიმდინარეობს საქმისწარმოება 1 საქმესთან დაკავშირებით.