LIVE

საქართველოში უცხოური ვალუტის სესხები კვლავ ძვირდება

26 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 616

საქართველოში უცხოური ვალუტის სესხების გაძვირების ტენდენცია გრძელდება.

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამერიკაში მორიგ ჯერზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს ხანებში აისახება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, Fed-ის გადაწყვეტილება დოლარში უკვე გაცემულ სესხებზე განაკვეთების ზრდას გამოიწვევს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ახლად გაცემული დოლარის სესხებიც დამატებით მცირედით გაძვირდეს.  

“იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში უცხოური ვალუტის სესხები გლობალურ ბაზარზეა მიბმული, ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარკვეული პერიოდის შემდეგ დოლარში უკვე აღებულ სესხებზე განაკვეთების ზრდას გამოიწვევს. რაც შეეხება ახალ შეთავაზებებს, აქ შედარებით ნაკლებ ზრდას ველით, რადგან გლობალურ ბაზრებზე არსებული მოლოდინები დიდწილად უკვე ასახულია საპროცენტო განაკვეთებში. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ წლის განმავლობაში როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში გაზრდილმა განაკვეთებმა უკვე გააძვირეს უცხოური ვალუტის სესხები და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, გასულ კვირას Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი მორიგ ჯერზე 0.75 პროცენტული პუნქტით 3.0-3.25%-მდე გაზარდა. ამასთან, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის ფონზე მიმდინარე თვეში ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით გაზარდა.