LIVE

ჩინელი მეცნიერების შექმნილი ნიღაბი Covid-19-სა და გრიპის ვირუსს აფიქსირებს

22 სექ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 562
ჩინელი მეცნიერების შექმნილი ნიღაბი Covid-19-სა და გრიპის ვირუსს აფიქსირებს

ჩინელი მკვლევრების მიერ შემუშავებული ნიღაბი მომხმარებელს Covid-19-ით ან გრიპით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ატყობინებს.

ნიღაბში მოთავსებულ სენსორს შეუძლია Covid-19-ის, H5N1 და H1N1 გრიპის ვირუსები 10 წუთში აღმოაჩინოს და ტელეფონის მსგავს უკაბელო მოწყობილობას შეტყობინება გაუგზავნოს. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელსაც შანხაიში მდებარე ტონჯის უნივერსიტეტის ექვსი მეცნიერი ხელმძღვანელობდა. 

პირბადის გარე ზედაპირზე დამაგრებული მოწყობილობა მრავალჯერადი ლითიუმის ბატარეით მუშაობს.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მოწყობილობა ეფექტურია დახურულ სივრცეებში, სადაც ინფექციის რისკი მაღალია. ისინი ვირუსის აღმოჩენის დროის შემცირებაზე მუშაობენ. მეცნიერებს სურთ, რომ მოწყობილობის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ვირუსების აღმოჩენა.  

გლობალურად, კოვიდრეგულაციების გაუქმებასთან ერთად, პირბადეების გამოყენებაც შემცირდა. თუმცა ბევრი ადამიანი საკუთარი სურვილით, ნიღბებს კვლავ ატარებს, რათა დაიცვას თავი და გარშემომყოფები ვირუსის გავრცელებისგან. ამას ემატება ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვები, რის გამოც, მოსახლეობა პირბადეს იყენებს.

სექტემბრის დასაწყისში Axios-Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 37% სახლის გარეთ პირბადეს ზოგჯერ მაინც ატარებს. ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 89% იყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლოუ დი ვეი